EN
GE
სამართლიანი არჩევნები ატესტაცია-კონკურსების პროცესს აჯამებს
2015 წლის 22 დეკემბერს, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ საჯარო მოხელეთა ატესტაცია-კონკურსების პროცესში მონაწილე და დაინტერესებულ მხარეებთან მრგვალი მაგიდა გამართა. ორგანიზაციამ მონიტორინგის შედეგადად გამოვლენილ ტენდენციებზე ისაუბრა და საზოგადოებას შემუშავებული რეკომენდაციები გააცნო.

„სამართლიანი არჩევნები“ 2014 წლის ოქტომბრიდან 2015 წლის ნოემბრამდე ახორციელებდა საჯარო მოხელეთა ატესტაცია-კონკურსების, ტესტირების და გასაუბრების პროცესების მონიტორინგს, საქართველოს ყველა თვითმმართველ ქალაქსა და მუნიციპალიტეტში. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლები დააკვირდნენ  10000-ზე მეტი კონკურსანტის ტესტირებას და 8000-მდე კონკურსანტის გასაუბრებას; მონიტორინგის ფარგლებში ორგანიზაციამ შეისწავლა და შეაფასა კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულაციები და სამი შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. მონიტორინგის პროცესში გამოვლენილი ტენდენციების საფუძველზე, „სამართლიანმა არჩევნებმა“ სპეციელუარი რეკომენდაციები მოამზადა.



კონკურსის პრინციპები და კომისიის საქმიანობის საჯაროობა

„სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ ყველა თვითმმართველ ორგანოში აუცილებელია დაწესდეს საჯარო ინფორმაციის გაცემის ერთგვაროვანი მიდგომა, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა უნდა მისცენ ყველა დაინტერესებულ მხარეს მოხელეთა ატესტაციისა და კონკურსის პროცესებზე სრულფასოვანი დაკვირვების საშუალება. მონიტორინგის პროცესში „სამართლიან არჩევნებს“ სირთულეები შეექმნა როგორც საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან, ასევე გასაუბრების პროცესზე დაკვირვების თვალსაზრისით. კონკურსის პრინციპების დარღვევასთან დაკავშირებით ორგანიზაციამ 7 სარჩელი წარადგინა სასამართლოში. 

საკონკურსო-საატესტაციო კომისიის ფორმირების წესი

კომისიის პოლიტიკური ნიშნით დაკომპლექტების თავიდან აცილების მიზნით, „სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ  საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარეს უნდა დაევალოს კომისიის შემადგენლობაში იმ პირების შეყვანა, რომლებიც სამსახურეობრივად არ არიან დაკავშირებული შესაბამის  დაწესებულებასთან.

კონკურსანტთა უფლების დაცვის საშუალებები

საქართველოს კანონმდებლობით უნდა დადგინდეს საპრეტენზიო კომისიის შექმნის ვალდებულება. ეს უზრუნველყოფს  სასამართლოსადმი მიმართვის გარეშე დავის მოკლე ვადებში და ნაკლები  დანახარჯებით გადაწყვეტას.  

„სამართლიანმა არჩევნებმა“ შეიმუშავა სპეციალური რეკომედაციები ტესტირების, გასაუბრების, კონკურსანტებისა და კადრების შერჩევის პროცესებთან დაკავშირებით, რადგან მონიტორინგმა აჩვენა, რომ მუნიციპალიტეტები არაერთგვაროვანი პრაქტიკით ხელმძღვანელობდნენ. ამასთან, რიგ შემთხვევებში დამკვიდრებული პრაქტიკა არ იძლეობა  კონკურსანტის სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შესაძლებლობას.

„სამართლიანმა არჩევნებმა“ საქართველოს მთავრობის 412-ე დადგენილება და 70-მდე დებულება შეისწავლა. 70 კომისიის დებულებიდან შეფასების ფორმა მხოლოდ 43 დებულებით არის განსაზღვრული. შესაბამისად, შეფასების ფორმა არ არის დამტკიცებული, როგორც სამართლებრივი დოკუმენტი.
 „სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს ახალი კანონი კონკურსის ჩატარებასთან, მოხელეთა გამოსაცდელ ვადებთან და მათი უფლებების დაცვასთან დაკავშირებული რიგი რეგულაციებისა ვერ უზრუნველყოფს გამჭვირვალე და სტაბილური საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებას. ორგანიზაცია აცხადებს, რომ  რეგულაციები საჭიროებს გადახედვას.

დეტალური ინფორმაცია დაკვირვების შედეგად გამოვლენილი ტენდენციებისა და ფაქტების შესახებ, ასევე ორგანიზაციის რეკომენდაციები ტესტირებისა და გასაუბრებების პროცესთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ ორგანიზაციის ვებ-გვერდზე: www.isfed.ge 



ანგარიშის გამოცემა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით „ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს“ (USAID) დაფინანსებით. ანგარიშში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას” და შესაძლოა, არ გამოხატავდეს  USAID-ის, ამერიკელი ხალხის ან ამერიკის    შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.


<< უკან
22.12.2015


Print
All rights reserved & Design is copyrighted