EN
GE
ISFED-მა 21 მოქალაქის საქმე მოიგო: საკონკურსო კომისიას სასამართლომ გასაუბრების ხელახლა ჩატარება დაავალა
,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ” კიდევ ერთი საქმე მოიგო. ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ 21 კონკურსანტის სარჩელი დააკმაყოფილა, რომლის ინტერესებსაც სასამართლოში „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელი იცავდა.

სასამართლომ გააუქმა საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება, რომლითაც კონკურსანტებს უარი ეთქვათ ვაკანტურ თანამდებობებზე დანიშვნასთან დაკავშირებით და დაავალა კომისიას კონკურსის გასაუბრების ეტაპის ხელახლა ჩატარება.

მოსარჩელეები მონაწილეობდნენ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში გამოცხადებულ კონკურსში. მათ წარმატებით გაიარეს კონკურსის პირველი და მეორე ეტაპი. თუმცა, კონკურსის მესამე ეტაპის, გასაუბრების შემდეგ კომისიამ ისინი სამსახურში არ აიყვანა. მათი განცხადებით, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობა საჯაროობის პრინციპის დარღვევით მიმდინარეობდა, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ კომისიის მიერ კონკურსის გასაუბრების ეტაპზე დაკვირების უფლება შეეზღუდათ დაინტერესებულ პირებს, მათ შორის, ,,სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლებსაც. კომისიას  ასევე არ უხელმძღვანელია გასაუბრების შეფასების ფორმის მიხედვით, რაც დებულებით იყო განსაზღვრული და კანდიდატის უნარ-ჩვევების შემოწმებას მოითხოვდა. კომისიამ გასაუბრების პროცესში ისეთ კრიტერიუმთან დაკავშირებით, როგორიცაა ,,სამუშაო გამოცდილება’’ შეფასება არაობიექტურად გააკეთა, კერძოდ, იმ კონკურსანტებს, რომლებსაც  უფრო ნაკლები სამუშაო გამოცდილება ჰქონდათ კომისიის წევრებმა გაცილებით უფრო მაღალი  შეფასება დაუწერეს.

ISFED-ი პოზიტიურად აფასებს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მიერ  მიღებულ გადაწყვეტილებას, სადაც საკონკურსო-კომისიის მიერ წინასწარ განსაზღვრული შეფასების ფორმის გარეშე ჩატარებული გასაუბრება უკანონოდ იქნა მიჩნეული.  კანდიდატთა გასაუბრების პროცესი თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს N37 დადგენილებით განსაზღვრული საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების საფუძველზე უნდა წარმართულიყო, რაც კომისიას ავალდებულებდა კანდიდატები შეეფასებინა დებულებაში მოცემული შეფასების სქემისა და კრიტერიუმების მიხედვით, რაც კომისიის წევრების მიერ არ მომხდარა. 

სასამართლო აღნიშნავს,  რომ საკონკურსო-საატესტაციო კომისია წარმოადგენს კოლეგიურ ადმინისტრაციულ ორგანოს, რაც მას ავალდებულებს ღიად და საჯაროდ წარმათოს თავისი სხდომები. სხდომაზე  დასწრების მსურველთა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მსურველთა დარბაზში ფიზიკურად განთავსება შეუძლებელია. სასამართლოს განმარტებით: ,,საზოგადოებას უფლება აქვს იცოდეს მოხდა თუ არა საკითხის ყოველმხრივი განხილვა სხდომის დროს, რა პოზიცია გამოხატა თითოეულმა წევრმა და როგორ მივიდნენ ისინი საბოლოო გადაწყვეტილებამდე. ამ ინფორმაციის გარეშე შეუძლებელია შეფასდეს  საჯარო დაწესებულების და მისი კონკრეტული წევრის საქმიანობა“.

,,სამართლიანი არჩევნების“ მიიჩნევს, იმისთვის, რომ მაქსიმალურად იქნეს თავიდან აცილებული სუბიექტური ნიშნით გადაწყვეტილების მიღება, საკონკურსო-საატესტაციო კომისიებს აკისრიათ ვალდებულება კონკურსისა და ატესტაციის პროცედურები კანონმდებლობით და კომისიის დებულებით დადგენილი პრინციპების საფუძველზე წარმართონ. კომისიამ პროცესში მონაწილე პირთა შეფასება  წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების საფუძველზე უნდა მოახდინოს, რათა მაქსიმალურად გამოირიცხოს არაობიექტური და უსამართლო გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა.

უფასო იურიდიული დახმარების მისაღებად, მოგვმართეთ შემდეგ მისამართებზე:

• თბილისი: ონიაშვილის #37, ტელ: 555 82 90 90;
• ქუთაისი: წერეთლის #27, ტელ: 593 82 90 90;
• ბათუმი: 26 მაისის #40, ტელ: 514 82 90 90;
• გურჯაანი: ნონეშვილის #12, ტელ: 555 82 90 90.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება”  იურიდიულ დახმარებას ახორციელებს ჰოლანდიის საელჩოს მიერ დაფინანსებული „საჯარო მოხელეთა უფლებების დაცვა პოლიტიკურად ნეიტრალური და დისკრიმინაციისგან თავისუფალი საჯარო სამსახურისათვის საქართველოში“ პროექტის ფარგლებში. პროექტი ითვალისწინებს საჯარო სამსახურში კონკურსებისა და ატესტაციის შედეგად, ასევე უკანონო გათავისუფლებისას დაზარალებულ პირთათვის უფასო იურიდიულ კონსულტაციას, დოკუმენტაციის მომზადებას და სასამართლოში წარმომადგენლობას.




<< უკან
02.12.2015


Print
All rights reserved & Design is copyrighted