2014 წლის 6 ივნისს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბთან მიმდინარე აქცია სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. დღის განმავლობაში ზუგდიდში საპროტესტო აქციას მართავდნენ 2008 წელს გაუჩინარებული, თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ოფიცრის, პაატა ქარდავას ოჯახის წევრები და ახლობლები. [1]
ამ აქციას დღის მეორე ნახევარში შეურთდნენ „ქართული ოცნების“ ზუგდიდის შტაბის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები და მხარდამჭერები. ისინი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბთან შეიკრიბნენ და ოფისში შეჭრას ცდილობდნენ, თუმცა მათ ამის საშუალება ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა არ მისცეს.
აქციის მონაწილეებმა ქვები დაუშინეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის შტაბის წარმომადგნლებს, შეაფურთხეს გამგებლობის კანდიდატს თენგიზ გუნავას, რის შემდეგაც ორივე მხარე ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპიდა. სახის არეში დაზიანება მიიღო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრობის კანდიდატმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან სალომე მაქაცარიამ. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ გუნავას კანდიდატურის მოხსნას. ისინი მიიჩნევდნენ, რომ დაზვერვის ოფიცრის დაკარგვისა და გარდაცვალების საქმეში თენგიზ გუნავაც არის გარეული, რადგან მას იმ პერიოდში სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობა ეკავა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენლები შეხვდნენ როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, ასევე – „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს.
ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით:
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის შტაბის მირ არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, აქციაში მონაწილეობა მიიღეს შემდეგმა პირებმა:
ედემ კეკუტია – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიას რწმუნებული, ვლადიმერ ქვარცხავა – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის რწმუნებული, ბესიკ კოზუა – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის ტერიტორიული ორგანის სპეციალისტი და გიორგი სალია – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელი.
„ქართული ოცნების“ ზუგდიდის შტაბის ახალგაზრდული ფრთიდან: გიგა ლუკავა, მანუჩარ მალანია, მალხაზ მალანია, მარიამ აბრავალა, ლევან კუკავა, ზაზა ზარანდია, მურთაზ ლაგვილავა, ბექა ჯიქია, თენგიზ აბულაძე, გოგა ღადუა, მიშა ჯანაშია და გიგა სიჭინავა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა განცხადებით, აქცია და შემდგომი დაპირისპირება „ქართული ოცნების“ ზუგდიდის შტაბის მიერ იყო ორგანიზებული.
ქართული ოცნების ინფორმაციით:
ჩვენს წარმომადგენელთან საუბრისას ქართული ოცნების ზუგდიდის შტაბის წარმომადგენლებმა არ გამორიცხეს, რომ აქციაში შესაძლოა მონაწილეობა მიეღოთ „ქართული ოცნებისა“ მომხრეებსა და შტაბის წევრებს, თუმცა კატეგორიულად უარყვეს ამ აქციის ორგანიზებასთან პარტია „ქართული ოცნებისა“ და ზუგდიდის შტაბის კავშირი.
სამართალდაცმველ ორგანოთა აქტივობა:
აღსანიშნავია, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა ეფექტურად იმუშავეს და მნიშვნელოვნად შეუწყვეს ხელი დაძაბულობის განმუხტვას. ინციდენტის დროს საპატრულო პოლიციამ წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის ბრალდებით ორი პირი დააკავა, რომელთაგან ერთ-ერთს 7 მაისს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ჯარიმის სახით 400 ლარის გადახდა დააკისრა.
ჩვენი წარმომადგენლის მიერ ინციდენტის ადგილზე მისვლისას დაფიქსირებულ იქნა ქართული ოცნების რამდენიმე აქტივისტი, მათ შორის მანუჩარ მალანია, მალხაზ მალანია, კოტე გურგულიანი, ალექსანდრე მოლაშხია, მურთაზ ლაგვილავა, თემო კიკალეიშვილი, გიორგი კიკალეიშვილი და გიგა ლუკავა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ და „სამართლიანი არჩევნები“ მოუწოდებენ პოლიტიკურ პარტიებს და მათ აქტივისტებს, თავი შეიკავონ აგრესიული ქმედებებისგან, რამაც წინასაარჩევნო პერიოდში მეტი დაძაბულობა შეიძლება გამოიწვიოს.
თავის მხრივ, მნიშვნელოვანია, რომ საგამოძიებო ორგანოებმა და უწყებათაშორისმა კომისიამ უმოკლეს ვადებში დაადგინონ და გამოიძიონ კანდიდატებზე სავარაუდო ზეწოლის ფაქტები და დააკისრონ პასუხისმგებლობა შესაბამის პირებს.