არჩევნების მეორე ტურზე „ფეისბუქზე“ დისკრედიტაციული გვერდების რაოდენობა გასამმაგდა - სოციალური მედიის მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში
20 დეკემბერს, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სოციალური მედიის მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში წარმოადგინა. მიმდინარე ანგარიში ძირითადად ეხება საარჩევნო კამპანიურ აქტივობებს „ფეისბუქზე“ მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდში თუმცა ასევე შეიცავს პირველი ტურის წინასაარჩევნო კამპანიის ბოლო პერიოდზე დაკვირვების მონაცემებს.
მონიტორინგის შედეგები ადასტურებს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში „ფეისბუქი“ არა მხოლოდ პოლიტიკური დისკუსიისთვის, არამედ ორგანიზებული და მიზანმიმართული დისკრედიტაციული კამპანიებისათვის გამოიყენებოდა. ISFED-ის დაკვირვებით, სოციალურ მედიაში პოლიტიკური ჯგუფების აქტივობამ და ნეგატიურმა კამპანიამ უფრო მეტად აგრესიული სახე მიიღო.
ინტენსიური სახე ჰქონდა სოციალური მედიით კანდიდატებისა და პოლიტიკური აქტორების დისკრედიტაციის მცდელობას ანონიმურ „ფეისბუქ“-გვერდებზე განთავსებული დასპონსორებული კონტენტის მეშვეობით. ანონიმური გვერდების რაოდენობა მეორე ტურის წინ გასამმაგდა და მათი მხრიდან იმატა მადისკრედიტირებელი პოსტების დასპონსორების ტენდენციამ.
დისკრედიტაციული „ფეისბუქ“ გვერდები მოქმედებდნენ როგორც სალომე ზურაბიშვილის, ისე გრიგოლ ვაშაძის და მათი მხარდამჭერი პარტიების წინააღმდეგ მკვეთრად გამოხატული ნეგატიური გზავნილებით. გვერდები მეორე ტურის წინ ძირითადად ორ მოწინააღმდეგე ბანაკად გაიყო. განსხვავებით კანდიდატებისა და მათი მხარდამჭერი პოლიტიკური პარტიებისა თუ ლიდერების „ფეისბუქ“-გვერდებისაგან, ანონიმურ გვერდებზე მკვეთრად ნეგატიური, შეძლება ითქვას, ამორალური კამპანია მიმდინარეობდა, ხდებოდა სპეკულირება კანდიდატების პირადი ცხოვრებით, ასევე ხშირად ქვეყნდებოდა ქსენოფობიური თუ ჰომოფობიური პოსტებიც.
მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდში თვალშისაცემი გახდა ორგანიზებული ურთიერთშეტევა და საპირისპირო მხრიდან მომავალი დისკრედიტაციული გზავნილების საპასუხო დისკრედიტაციული კამპანიების წარმართვა. თუ გრიგოლ ვაშაძის მოწინააღმდეგე გვერდების მიერ აქტიურად ვრცელდებოდა POSTV-ს კამპანია #არამიშას, სადაც მოქალაქეები ენმ-ს მმართველობის პერიოდიდან გამომდინარე საკუთარ მძიმე გამოცდილებაზე საუბრობდნენ, საპასუხოდ სალომე ზურაბიშვილის მოწინააღმდეგე გვერდებმა წამოიწყეს კამპანია #არასალომეს, სადაც ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსნები სალომე ზურაბიშვილს რუსეთის ინტერესების გამტარებლად და მოღალატედ მოიხსენიებდნენ, მისი მთავარსარდლობა კი დაუშვებლად მიაჩნდათ.
მეორე ტურის წინ შეიქმნა ან გააქტიურდა ყალბი მედიის გვერდები, რომლებიც ოპოზიციური კანდიდატის წინააღმდეგ მოქმედებდნენ. მათი სახელწოდება და ლოგოები მომხმარებელს აფიქრებინებდა, რომ ეს გვერდები ჩვეულებრივ საინფორმაციო სააგენტოებს წარმოადგენენ, სინამდვილეში კი მათი პოსტები ერთ მხრივ ხელისუფლების მხარდაჭერისკენ, მეორე მხრივ კი - გრიგოლ ვაშაძისა და ენმ-ს საწინააღმდეგოდ იყო მიმართული. პოსტების დიდი ნაწილი დასპონსორებული იყო. ამ გზით გვერდები ახერხებდნენ დისკრედიტაციული გზავნილების ფართო აუდიტორიებამდე მიტანას.
საინტერესო ტენდენციის სახე ჰქონდა ასევე კანდიდატის მოჩვენებითად მხარდამჭერი გვერდების მომრავლებას მეორე ტურის წინ. აღნიშნული „ფეისბუქ“-გვერდები, ერთი შეხედვით, არაფრით განსხვავდებოდნენ ოფიციალური კამპანიის გვერდებისგან. თუმცა, პოსტების შინაარსის სიღრმისეული ანალიზის საფუძველზე ნათელია, რომ ისინი სინამდვილეში მათ წინააღმდეგ იყო მიმართული, ვისი სახელითაც თითქოსდა მოქმედებდნენ.
პირველი ტურის შემდგომ სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ გააქტიურდნენ ულტრანაციონალისტური ნარატივების გამავრცელებელი გვერდები. მათი აქტივობა ასევე მოიცავდა სადამკვირვებლო ორგანიზაციების დისკრედიტაციის მცდელობებს.
აღსანიშნავია, რომ საპრეზიდენტო კანდიდატების, მათი წარმდგენი/მხარდამჭერი პარტიებისა და კამპანიის ოფიციალური „ფეისბუქ“ გვერდები, ძირითადად, კანონის მოთხოვნების დაცვით მოქმედებდნენ, თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი ოფიციალური „ფეისბუქ“ გვერდის გამოყენებით სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ უკანონო შემოწირულობა გასწია. მათ გვერდზე ქვეყნდებოდა დასპონსორებული პოსტები, რომლებშიც პარტია ღიად უჭერდა მხარს პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს. დასპონსორებული პოსტებისთვის გაწეული ხარჯი წარმოადგენს უკანონო შემოწირულობას და, შესაბამისად, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის დარღვევას.
საგულისხმოა, რომ გიორგი ვაშაძემ, რომელიც გრიგოლ ვაშაძის კამპანიის მენეჯერია, და ზაალ უდუმაშვილმა საკუთარ ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდებზე სააგიტაციო შინაარსის არაერთი დასპონსორებული პოსტი გამოაქვეყნეს, რაც სახელმწიფო აუდიტის სამსხურის წინაშე დეკლარირებული უნდა იყოს, როგორც შემოწირულობა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ, წინააღმდეგ შემთხვევაში, აღნიშნულიც ჩაითვლება უკანონო შემოწირულობად.
მუნიციპალიტეტებისა და აჭარის ა/რ ორგანოების ოფიციალური „ფეისბუქ“ გვერდებზე წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევებს ადგილი არ ჰქონია. გამონაკლისს წარმოადგენს თიანეთის მუნიციპალიტეტის ოფიციალური გვერდი, სადაც სააგიტაციო შინაარსის ერთი პოსტი გამოქვეყნდა. აღნიშნული დარღვევის შესახებ „სამართლიანი არჩევნების“ საჩივრის საფუძველზე პასუხისმგებელი საჯარო მოხელის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. პოზიტიურად უნდა შეფასდეს ის გარემოება, რომ როგორც პირველი, ისე მეორე ტურის წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდებისთვის მუნიციპალიტეტების ოფიციალური „ფეისბუქ“ გვერდების აქტივობის სტაბილური დინამიკა შეინიშნებოდა.
ხშირი იყო ადგილობრივი თვითმმართველობების საჯარო მოხელეების მხრიდან სამუშაო საათებში სოციალური ქსელების მეშვეობით აგიტაციის გაწევით საარჩევნო კოდექსის დარღვევის ფაქტები - მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ და ოპოზიციის კანდიდატის წინააღმდეგ აგიტაციაში მეორე ტურის განმავლობაშიც კვლავაც აქტიურად მონაწილეობდნენ საჯარო მოხელეები. „სამართლიანმა არჩევნებმა“ პირველი და მეორე ტურების საარჩევნო კამპანიის განმავლობაში, 5-დან 27 ოქტომბრის ჩათვლით და 15-დან 27 ნოემბრამდე პერიოდში, მთლიანად, სამუშაო საათებში აგიტაციის წესის დარღვევა გამოავლინა 62 საჯარო მოხელის მხრიდან 30 მუნიციპალიტეტში.
„სამართლიანი არჩევნები“ პირველი სადამკვირვებლო ორგანიზაციაა საქართველოში, რომელმაც საარჩევნო ჭრილში სოციალური მედიის მეთოდური წინასაარჩევნო მონიტორინგი განახორციელა. საქართველოში სოციალური მედიის პლატფორმებს შორის განსაკუთრებული პოპულარობის გათვალისწინებით, ISFED მიმდინარე ეტაპზე მხოლოდ „ფეისბუქში“ საარჩევნო კონტექსტში აქტივობას აკვირდება.
შუალედურ ანგარიშში „სამართლიანი არჩევნების“ შესწავლის საგანია შემდეგი ოთხი მიმართულება:
- საპრეზიდენტო კანდიდატების, მათი წარმდგენი პოლიტიკური პარტიებისა და კამპანიის ოფიციალური გვერდების აქტივობა და მათი შესაბამისობა კანონმდებლობასთან.
- ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეების მიერ „ფეისბუქზე“ აგიტაცია.
- ადგილობრივი თვითმმართველობის და აჭარის ა/რ ორგანოების ოფიციალური „ფეისბუქ“-გვერდების მონიტორინგი.
- ძირითადად პოლიტიკური აქტორების დისკრედიტაციისა და საზოგადოებრივ განწყობებზე ზემოქმედების მიზნით შექმნილი „ფეისბუქ“-გვერდების აქტივობა, მათი მოქმედების ტაქტიკა და ძირითადი მესიჯები.
სოციალური მედიის მონიტორინგის საპილოტე პროექტი ხორციელდება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით.
სოციალური მედიის მეორე შუალ... by on Scribd
<< უკან
20.12.2018