EN
GE
არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტებზე გამოძიება დროულად უნდა დაიწყოს
15 დეკემბერს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში, გადაცემა „შაბათის კურიერში“ გავრცელდა ინფორმაცია სხვადასხვა ოლქის 7 უბანზე 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების თაობაზე.

სიუჟეტში ნაჩვენებია დმანისის, სენაკის, მარნეულისა და ბოლნისის უბნებთან დაკავშირებული ვიდეო მასალები, სადაც ჩანს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების მიერ, სავარაუდოდ, ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა ნაცვლად ყალბი ხელმოწერების გაკეთების, ბიულეტენების ჩაყრის და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ფაქტები, რომლებშიც სავარაუდოდ იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, როგორებიცაა: არჩევნებში მონაწილის ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, ასევე, არჩევნებთან დაკავშირებული დოკუმენტების: საარჩევნო სიების, ოქმების, ბიულეტენების განზრახ გაყალბება, არჩევნების, რეფერენდუმის ან პლებისციტის დროს სხვისი პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტის ან ყალბი დოკუმენტის საფუძველზე ხმის მიცემა. აღნიშნული ქმედებები წარმოადგენს დანაშაულებს, გათვალისწინებულს სისხლის სამართლის კოდექსის 164; 1642 და 1643 მუხლებით.

სიუჟეტში ხსენებულ შვიდივე საარჩევნო უბანთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია ადვილად ხელმისაწვდომია და სავარაუდო დანაშაულის ჩამდენი პირების იდენტიფიცირება - შესაძლებელი.

„სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით უნდა დაიწყოს გამოძიება და წარიმართოს დროულად და ეფექტურად, რათა ადეკვატური პასუხი მოეთხოვოთ სავარაუდო დანაშაულებში მონაწილე პირებს, რაც სამომავლოდ ამგვარი დანაშაულების ჩადენის რისკებს შეამცირებს. მნიშვნელოვანია, გამოძიების შედეგად გამოიკვეთოს ჰქონდა თუ არა კადრებში აღბეჭდილ ფაქტებს ორგანიზებული ხასიათი და მოქმედებდნენ თუ არა კომისიის წევრები სხვა პირების მიერ გაცემული მითითებების საფუძველზე. ამასთანავე, ხსენებულ საარჩევნო უბნებთან დაკავშირებით უნდა ჩატარდეს ექსპერტიზა ამომრჩეველთა სამაგიდო სიებში გაკეთებულ ხელმოწერების ნამდვილობის დასადგენად და ამ მიზნით, საარჩევნო ადმინისტრაციამ უზრუნველყოს აღნიშნული უბნებიდან მიღებული მასალების და საარჩევნო დოკუმენტაციის დროულად მიწოდება საგამოძიებო ორგანოებისთვის.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტებზე და მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე დროულად გაასაჯაროვოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ.



<< უკან
18.12.2018


Print
All rights reserved & Design is copyrighted