EN
GE
უბნის გახსნისა და მოწყობის პროცესი - 11:00 საათის მონაცემები
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ყველა საარჩევნო ოლქში აკვირდება. „სამართლიანი არჩევნების“ სადამკვირვებლო მისია შედგება 651 საუბნო, 73 საოლქო საარჩევნო კომისიის დამკვირვებლისა და 78 მობილური ჯგუფისგან. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლები ასევე წარმოდგენილი არიან საზღვარგარეთ გახსნილ 12 საარჩევნო უბანზე. არჩევნების დღეს, ცენტრალურ ოფისში ფუნქციონირებს 15 ოპერატორისა და 10 იურისტისაგან დაკომპლექტებული მონაცემთა ანალიზისა და ინციდენტების ცენტრები.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს „სამართლიანი არჩევნები“ ხმების პარალელური დათვლის (PVT) მეთოდოლოგიით აკვირდება, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ დროულად აღმოვაჩინოთ დარღვევები, სისტემურად შევაფასოთ არჩევნების დღის პროცესი და გადავამოწმოთ ოფიციალური შედეგების სიზუსტე.

ამ დროისათვის „სამართლიანი არჩევნები“ წარმოგიდგენთ ინფორმაციას უბნის გახსნისა და კენჭისყრის პროცესის დაწყების შესახებ. 


ძირითადი დასკვნები 

„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებს ყველა საარჩევნო უბანზე შესვლისა და შეუზღუდავად დაკვირვების საშუალება მიეცათ. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციით, უბნების უმრავლესობაზე უბნის გახსნისა და მოწყობის პროცესი მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე წარიმართა.

საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცესის დაწყების შემდეგ, საყურადღებოა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის რამდენიმე შემთხვევა. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებმა ასევე დააფიქსირეს წილისყრის წესის და სხვა პროცედურების დარღვევები.

ამ დროისთვის, „სამართლიან არჩევნებს“ საუბნო კომისიებში წარდგენილი აქვს 10 საჩივარი, ხოლო საოლქო კომისიებში - 5 საჩივარი.

დეტალური ინფორმაცია PVT-ის შედეგებზე დაყრდნობით 

„სამართლიანმა არჩევნებმა“ უბნის გახსნის პროცესის შესახებ ინფორმაცია PVT-ის დამკვირვებლის 100%-სგან მიიღო.

ორგანიზაციის ყველა დამკვირვებელს (100%) უბანზე შეუზღუდავად დაკვირვების განხორციელების საშუალება მიეცა, რაც სტატისტიკურად პირველი ტურის მონაცემების მსგავსია (99.8%).

პირველი ამომრჩევლის მისაღებად 08:00 საათისთვის საარჩევნო უბნების 99.7% იყო მზად, რაც მნიშვნელოვნად არ განსხვავდება საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის მონაცემისგან (98.5%).

უბნის გახსნასა და მოწყობის პროცესთან დაკავშირებული დარღვევები დაფიქსირდა საარჩევნო უბნების 0.9%-ზე, რაც მცირედ გაუმჯობესებას წარმოადგენს არჩევნების პირველ ტურთან შედარებით (2.2%).

დარღვევები

ამ დროისთვის „სამართლიანი არჩევენების“ დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა შემდეგი სახის დარღვევები: 

ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა 
  • #12 გურჯაანის საარჩევნო ოლქის #26 საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები: ლელა შანყულაშვილი და ზურაბ ხანდამაშვილი (მერის ძმა) საარჩევნო კაბინიდან გამოსულ ამომრჩევლებს უმოწმებენ საარჩევნო ბიულეტენში თუ რომელი კანდიდატი აქვთ შემოხაზული. აღნიშნული ფაქტის გაპროტესტების შემდგომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი უბნიდან გააძევეს. აღნიშნული პირები ასევე ერევიან საუბნო კომისიის საქმიანობაში და კომისიის თავმჯდომარეს აძლევენ კონკრეტულ მითითებებს.
  • #12 გურჯაანის საარჩევნო ოლქის #43 საარჩევნო უბანზე ამომრჩევლები ხმას აძლევენ საარჩევნო კაბინაში შეუსვლელად, ხოლო იმ ამომრჩევლებს, რომლებიც კაბინაში აძლევენ ხმას, საარჩევნო ბიულეტენები გამოაქვთ ისე, რომ შესაძლებელია გაირკვეს თუ ვის მისცეს ხმა.
  • #57 ტყიბულის საარჩევნო ოლქის #2 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ხმა მისცა საარჩევნო კაბინის გარეთ.

არაუფლებამოსილი პირი უბანზე 
  • #58 წყალტუბოს საარჩევნო ოლქის #55 საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა პოლიციელი (ფორმით), რომელიც არ იყო ამომრჩეველი და არ ქონდა უბანზე ყოფნის უფლება. აღნიშნული პირი უბნის ტერიტორიაზე მობილური ტელეფონით იღებდა ფოტო-სურათებს. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის მითითებით, პოლიციელმა შეწყვიტა ფოტოების გადაღება და დატოვა უბანი. მოცემულ ფაქტზე კომისიის თავმჯდომარეს არ მოუხდენია რეაგირება.

დამკვირვებლის უფლების შეზღუდვა 
  • #61 ლანჩხუთის საარჩევნო ოლქის #20 საარჩევნო უბანზე და #84 ხულოს საარჩევნო ოლქის #13 საარჩევნო უბანზე დამკვირვებლებს გარკვეული დროის განმავლობაში პრობლემა შეექმნათ, ვინაიდან კომისიის განცხადებით მათ აკრედიტაციას ვადა ჰქონდა გასული. „სამართლიანი არჩევნების“ მიერ საოლქო საარჩევნო კომისიისთვის მიმართვის შემდეგ პრობლემა აღმოიფხვრა.

უბნის დაგვიანებით გახსნა 
  • #24 დმანისის საარჩევნო ოლქის #30 საარჩევნო უბანი 20 წუთის დაგვიანებით გაიხსნა, რადგან უბანზე არ ჰქონდათ ბეჭდის მელანი. 

საკონტროლო ფურცლის არასწორად მოთავსება ყუთში
  • #16 ყვარლის საარჩევნო ოლქის #14 საარჩევნო უბანზე საკონტროლო ფურცელი პირველი ამომრჩევლის მოსვლამდე მოათავსეს საარჩევნო ყუთში. 

წილისყრის წესის დარღვევა
  • #81 ქობულეთის საარჩევნო ოლქის #3, #11 და #62 საარჩევნო უბნებზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ მიერ დანიშნულმა კომისიის წევრებმა უარი თქვეს გადასატანი ყუთის გამყოლი კომისიის წევრების შესარჩევ წილისყრაში მონაწილეობაზე.
  • #69 ჩხოროწყუს საარჩევნო ოლქის #2 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრმა უარი განაცხადა გადასატანი ყუთის გამყოლი კომისიის წევრის შერჩევის წილისყრაში მონაწილეობაზე.
  • #79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #25 საარჩევნო უბანზე კომისიის თავმჯდომარემ ერთ-ერთ კომისიის წევრს წილისყრაში არ მიაღებია მონაწილეობა, რაზეც ეს უკანასკნელიც დაეთანხმა.
  • #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #59 საარჩევნო უბანზე „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ დანიშნულმა კომისიის წევრმა უარი განაცხადა ნებისმიერი სახის ფუნქციის შესრულებაზე.
  • #30 კასპის საარჩევნო ოლქის #5 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრმა ორსულობის გამო უარი განაცხადა წილისყრით მინიჭებული ნაკადის მომწესრიგებლის ფუნქციის შესრულებაზე და მას რეგისტრატორის ფუნქციის შესრულება დაეკისრა წილისყრის გარეშე. 

უბანზე ყოფნის წესის დარღვევა
  • #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #51 საარჩევნო უბანზე შემოსულმა პირმა, რომელსაც ჰქონდა აკრედიტაციას, შესაბამისი წესით რეგისტრაცია არ გაიარა. 

„სამართლიანი არჩევნები“ გაძლევთ შესაძლებლობას ონლაინ რეჟიმში დააკვირდეთ არჩევნების მიმდინარეობას არჩევნების პორტალის - www.electionsportal.ge მეშვეობით, სადაც საარჩევნო დარღვევები საარჩვენო რუკაზე აისახება. გარდა ამისა, ნებისმიერ მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა მოგვაწოდოს ინფორმაცია საარჩევნო დარღვევების თაობაზე უფასო sms-ით ნომერზე 90039

„სამართლიანი არჩევნები“ მოუწოდებს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში და თავისუფლად დააფიქსირონ საკუთარი ნება სასურველი კანდიდატის სასარგებლოდ.

“სამართლიანი არჩევნები“ შეახსენებს ამომრჩევლებს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად თან უნდა იქონიონ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა/ID ბარათი ან პასპორტი.

“სამართლიანი არჩევნების“ შემდეგი განცხადება გამოქვეყნდება 15:00 საათზე.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების სადამკვირვებლო მისიის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და ფონდ „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED) დაფინანსებით. მისია ასევე მხარდაჭერილია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. არჩევნების მეორე ტურზე დაკვირვება შესაძლებელი გახდა ნორვეგიის სამეფოს საელჩოს, ფონდ „ევროპული წვლილი დემოკრატიისთვის“ (EED) და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ფინანსური მხარდაჭერით. განცხადებაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ „სამართლიან არჩევნებს“ და შესაძლოა, არ გამოხატავდეს USAID-ის, NED-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, გერმანიის, ნორვეგიის საელჩოს, ბრიტანეთის საელჩოს ან EED-ს შეხედულებებს.

<< უკან
28.11.2018


Print
All rights reserved & Design is copyrighted