დისკრედიტაციული Facebook გვერდები - გაკვეთილი ავსტრიის საპარლამენტო არჩევნებიდან
ნინო რიჟამაძე
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე „სამართლიანი არჩევნები“ სოციალური მედიის მონიტორინგს ახორციელებს, რომლის ფარგლებში არჩევნების პირველი ტურის პერიოდში 54 Facebook გვერდი აღმოაჩინა, რომელთა მიზანს ცალკეული კანდიდატების დისკრედიტაცია წარმოადგენს.
საარჩევნო პერიოდში თვალშისაცემია იმ ანონიმური Facebook გვერდების აქტივობა, რომლებიც კონკრეტული კანდიდატების, პოლიტიკურად აქტიური პირების და მიმდინარე პოლიტიკური თუ სამართლებრივი პროცესების დისკრედიტაციის მიზნით მოქმედებენ. აღნიშნულ გვერდებს მოქმედების ჩამოყალიბებული და ორგანიზებული სტრატეგია გააჩნიათ, რომელიც ორიენტირებულია პროპაგანდისტული მეთოდებით საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე. აღნიშნული გვერდები არასასურველი კანდიდატების/პარტიების, პოლიტიკური ფიგურების და საზოგადოებრივი ორგანიზაციების რეპუტაციის შელახვას და ნეგატიური განწყობების გაღვივებას სხვადასხვა შინაარსის და მულტიმედიური ფორმის საინფორმაციო მასალების გავრცელებით ცდილობენ. ამგვარი პოსტების დიდი ნაწილი დასპონსორებულია და მიზნად ისახავს მოიცვას ფართო აუდიტორიის საინფორმაციო სივრცე.
იმ პირობებში, როდესაც საქართველოში მაღალი პოლიტიკური კულტურის მტკიცედ ჩამოყალიბებული ტრადიცია არ არსებობს, დეზინფორმაციისა და სიძულვილის ენის გამოყენებისგან თავის შეკავება მხოლოდ პარტიების და კანდიდატების პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე, კულტურასა და კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული.
''სამართლიანი არჩევნების'' დაკვირვებით ქართულ ფეისბუქ გვერდებზე დისკრედიტაციის კამპანია ბოლო ორი წელია უფრო და უფრო მძლავრად იკიდებს ფეხს, რაზეც სავარაუდოდ სერიოზული ფინანსური და ადამიანური რესურსები იხარჯება, თუმცა სახელმწიფოს მხრიდან მწყობრი ნაბიჯები ამ პროცესის გამჭვირვალობის მიზნით არ გადადგმულა, მაშინ როდესაც „ფეისბუქ“ გვერდების ოპონენტების დისკრედიტაციის მიზნით გამოყენების მცდელობამ ავსტრიის საპარლამენტო არჩევნებს სერიოზული ჩრდილი მიაყენა და მნიშვნელოვნად შეარყია პოლიტიკური წრეები.
2017 წლის 15 ოქტომბერს ავსტრიის ეროვნული საბჭოს არჩევნების წინასაარჩევნო კამპანია Facebook-თან დაკავშირებულმა სკანდალმა მოიცვა. სკანდალი მას შემდეგ აგორდა, რაც ოქტომბრის დასაწყისში ავსტრიულმა ონლაინ გამოცემამ - ''profil''-მა იუწყა, რომ მმართველი სოციალ დემოკრატიული პარტია მთავარი ოპონენტის - ავსტრიის სახალხო პარტიის ლიდერის, სებასტიან კურცის შესახებ შეთქმულების თეორიების გასავრცელებლად ''ფეისბუქის'' ორ ანონიმურ გვერდს იყენებდა.
ერთ-ერთი პოსტი დისკრედიტაციული გვერდიდან,
''სიმართლე სებასტიან კურცის შესახებ'', სადაც საუბარია მის
კავშირზე ჯორჯ სოროსთან
ფეისბუქ გვერდს სახელწოდებით - ''სიმართლე სებასტიან კურცის შესახებ'' – 16,000 გამომწერი ყავდა და ძირითადად, ცდილობდა ულტრა მემარჯვენე რადიკალი ამომრჩევლის განწყობების განეიტრალებას. გვერდი ავრცელებდა მანიპულაციურ ფოტოებს და ვიდეო-კლიპებს, თითქოს კურცი საიდუმლოდ ხელს უწყობდა მიგრანტების ახალი ტალღების შემოდინებას ისლამური სახელმწიფოებიდან, ასევე პოსტების ნაწილი კურცს წარმოაჩენდა ანტი-სემიტად. გვერდზე აგრეთვე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კურცი საიდუმლოდ იყო დაკავშირებული უნგრელი წარმოშობის მილიარდერთან, ჯორჯ სოროსთან, რომელიც მხარს უჭერს ლიბერალურ დისკურსს (ამჟამად გვერდები Facebook-იდან წაშლილია, თუმცა მათ მიერ გავრცელებული პოსტების შესახებ ფოტომასალა ხელმისაწვდომია buzzfeed-ის მიერ გავრცელებულ სტატიაში).
მეორე Facebook გვერდი სახელით ''ჩვენ სებასტიან კურცისთვის'' მოქმედებდა როგორც კურცის მხარდამჭერი გვერდი თუმცა მისი შინაარსი და გავრცელებული ინფორმაცია შენიღბულად კურცის საწინააღმდეგო დისკურსს ატარებდა. მაგალითად, „ფეისბუქ“ გერდზე გამოქვეყნდა გამოკითხვა, უნდა ჩაკეტილიყო თუ არა საზღვარი ბერნის უღელტეხილზე (ალპებში, იტალიასა და ავსტრიას შორის), იქიდან გამომდინარე, რომ ამ გზის გავლით NGO-ების დახმარებით ათასობით მიგრანტის გადაყვანა იგეგმებოდა იტალიიდან ავსტრიაში (აღნიშნული გამოკითხვა უკავშირდება კურცის წინასაარჩევნო დაპირებას ევროკავშირის საზღვრების გაძლიერების და ხმელთაშუა ზღვაში გადარჩენილი მიგრანტების უკან დაბრუნების შესახებ).
გამოცემა ''profil''-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ორი ყალბი გვერდი შექმნილი იყო ისრაელის მოქალაქის, ტალ სილბერშტაინის მიერ, რომელიც მაშინდელმა პრემიერ მინისტრმა, კრისტიან კერნმა საარჩევნო კამპანიის მრჩევლად წლის დასაწყისში დაიქირავა. ავსტრიული მედიის ინფორმაციით, მას ამ მომსახურებისთვის 400,000 ევრო გადაუხადეს. სილბერშტაინი კანცლერის გუნდმა 14 აგვისტოს იმ მიზეზით გაათავისუფლა, რომ იგი ისრაელის პოლიციამ ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავა. მიუხედავად ამისა, ავსტრიული მედია ვარაუდობდა, რომ სილბერშტაინის გუნდი საარჩევნო კამპანიაში კონტრაქტის შეწყვეტის შემდეგაც იყო ჩართული.
ავსტრიის ყოფილი კანცლერი, კრისტიან კერნი (მარცხნივ) და მოქმედი
კანცლერი სებასტიან კურცი (მარჯვნივ) 2017 წლის 1 ოქტომბერს, საარჩევნო
ტელე დებატების დროს. დებატების დიდი ნაწილი დაეთმო Facebook-თან
ავსტრიულ მედიაში Facebook გვერდებთან დაკავშირებული სკანდალი არჩევნების დღემდე ორი კვირით ადრე აგორდა და სრულად მოიცვა პოლიტიკური დღის წესრიგი. ავსტრიული მედია და ძირითადი პოლიტიკური სატელევიზიო შოუები კენჭისყრის დღემდე დაუსრულებლად განიხილავდნენ ზემოთხსენებულ დესტრუქციულ Facebook გვერდებს და პოლიტიკოსების კავშირს მათ საქმიანობასთან.
ავსტრიაში სადაც მრავალპარტიული და პროპორციული წარმომადგენლობითი სისტემაა ჩამოყალიბებული, ღია ნეგატიური კამპანია ტრადიციულად ტაბუდადებულია. Facebook-თან დაკავშირებული სკანდალი (ცნობილია სახელწოდებით ''ბინძური საარჩევნო კამპანის ბუკეტი'' - Schmutzkuebel) იმდენად რეზონანსული იყო, რომ შედეგად მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა, ჯორჯ ნიდელმულბიხერმა თანამდებობა დატოვა. სოციალ - დემოკრატიული პარტიის კამპანიის მენეჯერმა იოჰანეს ვეტერმა Facebook-თან დაკავშირებულ მოვლენას ''კატასტროფა'' უწოდა და მთელი პასუხისმგებლობა სილბერშტაინს დააკისრა, რომელმაც, მისი განცხადებით, ''რეალობასთან კავშირი დაკარგა''.
დანუბე კრემსის უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერმა პიტერ ფილცმაიერმა ვაშინგტონ პოსტთან აღნიშნა, რომ პირველად ავსტრიის ისტორიაში ნეგატიური კამპანია გახდა დომინანტური ნარატივი საარჩევნო პროცესის გადამწყვეტ მომენტში.
ვნებათაღელვას კანცლერი კერნი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ Facebook გვერდების შესახებ წარმოდგენა არ ჰქონდა და მოვლენა თავის მხრივ შეაფასა როგორც „ამორალური და დაუჯერებლად სულელური“ ქმედება. კერნის განცხადება მედიასთან დაადასტურა სილბერშტაინმაც და განაცხადა, რომ კანცლერს წარმოდგენაც კი არ ჰქონდა ამის შესახებ, თუმცა Facebook გვერდებთან საკუთარი კავშირი არ უარუყვია და თქვა, რომ მისი მიზანი ნეგატიური კამპანიის წარმართვის ნაცვლად მონაცემების შეგროვება და სხვადასხვა მესიჯების გამოცდა იყო.
საბოლოოდ, არჩევნებში ხმათა უპირატესობა ავსტრიის სახალხო პარტიამ მოიპოვა და შესაბამისად, პარტიის 31 წლის ლიდერი სებასტიან კურცი კანცლერი გახდა. კურცი ფავორიტად ითვლებოდა წინასარჩევნო გამოკითხვებიდან გამომდინარე კამპანიის თითქმის მთელი პერიოდის განმავლობაში და შესაბამისად, ძნელი სათქმელია იქონია თუ არა გავლენა ამომრჩეველზე Facebook სკანდალმა, თუმცა მოვლენამ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებას ქარიშხალივით გადაუარა და არჩევნების წინა დღეებში სრულად განსაზღვრა პოლიტიკური დღის წესრიგი.
თავად Facebook ოფიციალური კომენტარი ამ მოვლენებთან დაკავშირებით არ გაუკეთებია.
ავსტრიისგან განსხვავებით, საქართველოში სადაც დისკრედიტაციული „ფეისბუქ“ გვერდების დიდი ნაწილის დასახელებაც კი სიძულვილის ენის შემცველია და მრავლად აქვეყნებს უხამსი შინაარსის მადისკრედიტირებელ დასპონსორებულ პოსტებს, ყოველგვარი სამართლებრივი თუ საზოგადოებრივი რეგულირების მიღმაა დარჩენილი.
ქართულ Facebook-ზე მიმდინარე დისკრედიტაციის კამპანიას პოლიტიკური შეფასებების სიმწირეც ახლავს თან, რაც პოლიტიკური კულტურის ერთგვარ საზომად შეიძლება წარმოვიდგინოთ.
<< უკან
13.11.2018