EN
GE
განცხადება დინამოს სტადიონზე ლგბტ სიმბოლიკის ცენზურის შესახებ
გვსურს, გამოვეხმაუროთ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ლგბტ აქტივისტებისთვის, დისკრიმინაციული მოტივით, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ფაქტებს, რომელსაც 2018 წლის 9 სექტემბერს, დინამოს სტადიონზე, საქართველოსა და ლატვიის საფეხბურთო ნაკრებებს შორის თამაშზე ჰქონდა ადგილი.

აღნიშნულ თამაშზე გურამ კაშიას მიერ ლგბტ თემისადმი მხარდაჭერის გამოხატვის გამო, საზოგადოების ნაწილი მადლობის ნიშნად მხარდამჭერი დროშების და სხვა ატრიბუტიკის შეტანას სტადიონზე აპირებდა. თუმცა, ლგბტ აქტივისტების უმეტესობას სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა, ლგბტ სიმბოლიკა ძალის გამოყენებით ჩამოართვეს და მათი სტადიონზე შეტანის საშუალება არ მისცეს. ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ სამართალდამცავები, რომლებიც ჩხრეკდნენ გულშემატკივრებს და ლგბტ სიმბოლიკის და დროშის აღმოჩენის შემთხვევაში, მათ დატოვებას აიძულებდნენ. სტადიონზე აქტივისტებს მხოლოდ იმ ბანერების შეტანის საშუალება მისცეს, რომლებზეც გურამ კაშიას ლგბტ სამკლაური არ ეკეთა. აღსანიშნავია, რომ ლგბტ აქტივისტები მოქმედებდნენ საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით და “დინამოს” სტადიონის წესების მიხედვით, რომელიც არ კრძალავს აღნიშნული მასალის სტადიონის ტერიტორიაზე შეტანას. სამართალდამცავების მხრიდან ცენზურის მიუხედავად, სტადიონზე რამდენიმე აქტივისტმა მაინც შეძლო გარკვეული ატრიბუტიკის მალულად შეტანა. თუმცა, ლგბტ დროშის გაშლისას, აქტივისტებს აღნიშნული დროშა პოლიციამ წაართვა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან ადგილი ჰქონდა სამსახურეობრივი უფებამოსილების გადამეტებას, რის შედეგადაც შეიზღუდა ლგბტ აქტივისტების გამოხატვის თავისუფლება. აღნიშნული ჩადენილი იყო დისკრიმინაციული მოტივით, რაც განპირობებული იყო ლგბტ თემისადმი მხარდამჭერი შეხედულებებით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თავად შსს-ს წარმომადგენლების განცხადებით, ისინი ფეხბურთის ფედერაციის მითითებებით ხელმძღვანელობდნენ, რომელმაც გასცა გაფრთხილება ლგბტ თემის მხარდაჭერასთან დაკავშირებული სიმბოლიკის სტადიონზე არ დაშვების შესახებ. თუმცა, როგორც ფეხბურთის ფედერაციამ განმარტა, მათ ასეთი შეზღუდვა არ დაუწესებიათ.

მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ საქართველოს კონსტიტუცია არ ითვალისწინებს გამოხატვის თავისუფლებისა თუ შეკრება-მანიფესტაციის თავისუფლების შეზღუდვის მსგავს საფუძველს. მეტიც, როგორც აღინიშნა, შეზღუდვა არამხოლოდ არაკონსტიტუციურ, არამედ დისკრიმინაციულ ხასიათსაც ატარებდა.

აღსანიშნავია, რომ ლგბტ ადამიანებისთვის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა წლების განმავლობაში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. წლებია, ლგბტ აქტივისტები ცდილობენ მშვიდობიანად შეიკრიბონ და გამოხატონ თავიანთი პოზიცია არსებული ჩაგვრის და ძალადობის წინააღმდეგ. სამწუხაროდ, კონსტიტუციით გარანტირებული ამ უფლების რეალიზება საქართველოში კვლავაც შეუძლებელია ერთადერთი ჯგუფისთვის - ლგბტ ადამიანებისთვის. სახელმწიფო თავს არიდებს საკუთარი მოვალეობის შესრულებას და უსაფრთხოების მოტივით ცდილობს ლგბტ ადამიანების ხილვადობის ჩახშობას. ძალადობრივად განწყობილი მოქალაქეების პასუხისგებაში მიცემის ნაცვლად, სახელმწიფო პროვოკაციად აღიქვამს ლგბტ სიმბოლიკას და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჩაგრული ჯგუფების გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს. აღსანიშნავია, რომ სწორედ ლგბტ სიმბოლიკის არდაშვების გაცხადებული მოთხოვნა ჰქონდათ ნეოფაშისტურ ჯგუფებს თამაშამდე. ისინი მოითხოვდნენ, რომ აკრძალულიყო ლგბტ დროშების შეტანა სტადიონზე. სწორედ ამ შემთხვევაში გააუქმებდნენ ისინი მუქარის შემცველ აქციას. სამწუხაროდ, სახელმწიფომ კიდევ ერთხელ დასვა ტოლობის ნიშანი ჩაგრულ ჯგუფსა და მოძალადე ფაშისტურ დაჯგუფებებს შორის და მუქარას დაემორჩილა ლგბტ აქტივისტების გაჩუმების გზით.

საქართველოს ხელისუფლება მსგავსი ნაბიჯებით ახალისებს ნეოფაშისტური დაჯგუფებების ძალადობრივ საქმიანობას საქართველოში. შსს-ს ამგვარი ქმედებები აჩენს ეჭვებს იმაზე, რომ აღნიშნული ნეოფაშისტური ჯგუფები, სახელმწიფოს ხელში, ირიბად, აქტივისტების გასაჩუმებლად გამოიყენებიან. 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ მოვითხოვთ: 
1. დადგინდეს აღნიშნული დისკრიმინაციული ბრძანების გამცემი პასუხისმგებელი პირი და გატარდეს შესაბამისი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები მის წინააღმდეგ; 
2. ასევე, შესწავლილ იქნეს ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ფაქტები და დადგეს შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი; 
3. ადამიანის უფლებების დაცვაზე პასუხისმგებელმა სახელმწიფო ორგანოებმა გაწერონ და განახორციელონ ლგბტ ადამიანის უფლებების შესახებ სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების კამპანიები. 

თანასწორობის მოძრაობა 
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
მედიის განვითარების ფონდი 
დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი 
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
 

<< უკან
11.09.2018


Print
All rights reserved & Design is copyrighted