EN
GE
პოლიტიკური რეკლამის ახალი წესები „ფეისბუქზე“
ნინო რიჟამაძე

თანამედროვე საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებას საარჩევნო პროცესში თან ახლავს ახალი გამოწვევები, რასაც შესაბამისმა ორგანოებმა ადეკვატურად უნდა უპასუხონ თანასწორი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად. სულ უფრო მეტად, სოციალური მედია და განსაკუთრებით „ფეისბუქი“ წარმოადგენს წინასაარჩევნო აგიტაციის, კანდიდატების რეკლამირების, თუ ამომრჩეველზე გავლენის მოხდენის მნიშვნელოვან პლატფორმას. „ფეისბუქზე“ განთავსებული პოლიტიკური რეკლამა/ანტირეკლამა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა აღმოჩნდა ასევე საქართველოს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. საარჩევნო პერიოდის მოახლოებასთან ერთად, შეინიშნებოდა სოციალურ ქსელ Facebook-ზე გარკვეული გვერდების გააქტიურება, რომელთა მეშვეობითაც თბილისის მერობის სხვადასხვა ოპოზიციური კანდიდატების წინააღმდეგ დეზინფორმაციული ხასიათის დასპონსორებული პოსტები ვრცელდებოდა. „სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით, მსგავსი ფორმით წარმოებული კამპანია წინასაარჩევნო აგიტაცია იყო და უკანონო შემოწირულობას წარმოადგენდა. 

„ფეისბუქს“ საარჩევნო და პოლიტიკურ რეკლამებთან დაკავშირებით განსაკუთრებული პოლიტიკა არ ქონდა შემუშავებული, რამაც ხელი შეუწყო გაუმჭვირვალე დაფინანსების მქონე რეკლამების გავრცელებას. ამ მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე საქართველოს სახელმწიფოც სრულიად მოუმზადებელი აღმოჩნდა. არჩევნებთან დაკავშირებით პასუხისმგებელ არცერთ სახელმწიფო დაწესებულებას არ აღმოაჩნდა ონლაინ სივრცეში პოლიტიკურ რეკლამაზე რეაგირების მეთოდოლოგია და შესაბამისად დღემდე პასუხგაუცემელია კითხვები - რომელი პოლიტიკური სუბიექტები თუ ინტერესთა ჯგუფები იდგნენ ამ კამპანიების უკან, რა ოდენობის თანხები დაიხარჯა მასზე, რა იყო კამპანიის მასშტაბი და რამდენი ამომრჩევლის ნებაზე მოახდინა გავლენა.


საქართველოს რეალობაში, გამჭვირვალობის კუთხით პრობლემას მხოლოდ ფარული ანტირეკლამა არ წარმოადგენს. საარჩევნო სუბიექტების მიერ აუდიტის სამსახურისთვის წარდგენილი დეკლარაციებიდან ჩანს, რომ დეტალურ დეკლარირებას ექვემდებარება მხოლოდ სატელევიზიო რეკლამის ხარჯი, ხოლო ყველა სხვა რეკლამის, მათ შორის - ბეჭდურ მედიაში, ფეისბუქზე თუ სხვა ონლაინ პლატფორმაზე განთავსების ხარჯი ჯამურად დეკლარირდება. შესაბამისად, ცნობილი არ არის რა ოდენობის ხარჯებს გასწევენ საარჩევნო სუბიექტები ონლაინ პლატფორმებზე, მათ შორის, საქართველოში ყველაზე მასშტაბურ სოციალურ ქსელ ფეისბუქზე. 

გაუმჭვირვალე პოლიტიკური რეკლამა გამოწვევა მხოლოდ საქართველოსთვის არ არის. მას შემდეგ, რაც აღმოჩნდა, რომ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ფეისბუქ-გვერდების რეკლამები ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებზე დაახლოებით 10 მილიონმა ადამიანმა იხილა1, სხვა სახელმწიფოების და დაინტერესებული ჯგუფების მიერ ფეისბუქის მიმართ ისმის მოწოდებები უზრუნველყოს პოლიტიკური რეკლამის გამჭვირვალობა.  

სხვადასხვა მთავრობისა და საზოგადოების მზარდი ზეწოლის კვალდაკვალ, გასული წლის სექტემბერში, მარკ ცუკერბერგმა დააანონსა ახალი ინიციატივები, რომლის განხორციელებასაც „ფეისბუქი“ აპირებს იმისთვის, რათა უზრუნველყოფილი იყოს საარჩევნო პროცესის ურღვევობა როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში ასევე მთელს მსოფლიოში.  

2017 წლის 2 ოქტომბერს „ფეისბუქმა“ ოფიციალურად გამოაქვეყნა მის პლატფორმებზე პოლიტიკური რეკლამის განთავსების ახალი კონცეფცია, პოლიტიკური რეკლამის გამჭვირვალობის გასაზრდელად. „ფეისბუქის“ რეკლამების ვიცე პრეზიდენტმა რობ გოლდმენმა და გლობალური საჯარო პოლიტიკის ვიცე-პრეზიდენტმა ერთმანეთის მიყოლებით დაანონსეს კონკრეტული ნაბიჯები, რომლის გადადგმასაც ფეისბუქი აპირებს პოლიტიკური რეკლამის რეგულირების მიზნით. მათი განცხადებით, როდესაც საქმე ეხება ფეისბუქზე რეკლამის განთავსებას, ხალხს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს გაიგოს ვინ არის რეკლამის გამთავსებელი, სხვა რომელი რეკლამები აქვს განთავსებული მას, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება პოლიტიკურ რეკლამას. მათი განცხადებით, გამჭვირვალობის ეს სტანდარტი მნიშვნელოვანია დემოკრატიისთვის და საარჩევნო პროცესის სტაბილურობისთვის. გამჭვირვალობა ეხმარება ყველას, განსაკუთრებით საარჩევნო პროცესებზე დამკვირვებელ ორგანიზაციებს და ჟურნალისტებს, გაარკვიონ პოლიტიკური რეკლამის დამკვეთების პასუხისმგებლობა - ვისი სახელით მოქმედებენ ისინი და რას ეუბნებიან ამ რეკლამით სხვადასხვა ჯგუფებს. 

ამ მიზნით „ფეისბუქზე“ განთავსებული ყველა ტიპის რეკლამის მიმართ იზრდება გამჭვირვალობის სტანდარტი. 

2017 წლის ნოემბრიდან „ფეისბუქი“ კანადაში საცდელ რეჟიმში აკვირდება „ფეისბუქზე“ რეკლამის განთავსების ახალ წესებს, რომელიც გულისხმობს შემდეგს: „ფეისბუქ“ მომხმარებელს საშუალება აქვს „ფეისბუქის“ გვერდზე (Page) აირჩიოს ახალი სექცია „View Ads” (რეკლამების ნახვა) რაც საშუალებას იძლევა კონკრეტულმა მომხმარებელმა იხილოს ამ გვერდის მიერ გამოქვეყნებული ყველა რეკლამა „ფეისბუქზე“, „ინსტაგრამსა“ და „მესენჯერში“, მიუხედავად იმისა, ექცევა თუ არა ეს კონკრეტული მომხმარებელი რეკლამის ავტორების სამიზნე აუდიტორიაში. ყველა რეკლამა იქნება ასოცირებული ერთ გვერდთან, რათა რეკლამის დამკვეთმა გვერდი ვერ აუაროს გამჟღავნების ვალდებულებას. 

კანადაში აღნიშნული აპლიკაციის დანერგვა, სავარაუდოდ, უკავშირდება 2019 წელს გასამართ ფედერალურ არჩევნებს. ამასთან, ერთი ბაზრის შესწავლა საშუალებას მისცემს „ფეისბუქს“ განსაზღვროს მოსახლეობის მიერ ახალი ფუნქციის გამოყენების მასშტაბი.  

ჯერჯერობით, კანადელი მომხმარებელი იხილავს მხოლოდ მიმდინარე რეკლამებს, თუმცა ამ ფუნქციის ამერიკის ტერიტორიაზე გავრცელების შემდეგ მომხმარებელი ასევე იხილავს არქივსაც, რომელიც აშშ ფედერალურ არჩევნებთან დაკავშირებულ რეკლამებს ეხება. შესაბამისად, შესაძლებელი იქნება როგორც მოქმედი, ისე ძველი რეკლამების ნახვა.  

თითოეული რეკლამის შემოწმება იძლევა შემდეგი ანალიზის გაკეთების შესაძლებლობას: 
  • რამდენი ფული დაიხარჯა რეკლამისთვის; 
  • რამდენ ადამიანზე მოახდინა გავლენა რეკლამამ (რამდენმა იხილა ის); 
  • დემოგრაფიული მონაცემები (ასაკი, მდებარეობა, სქესი) იმ აუდიტორიის შესახებ, რომელმაც იხილა რეკლამა. 
„ფეისბუქის“ ახალი წესების თანახმად, პოლიტიკური რეკლამის დამკვეთი ვალდებული იქნება დაადასტუროს თავისი ვინაობა. 

ჯო კაპლანის განცხადებით, „ფეისბუქი“ დაავალდებულებს პოლიტიკური რეკლამის დამკვეთს დაწვრილებითი დოკუმენტაციის წარმოდგენას. ეს წესი გავრცელდება ამერიკის ფედერალურ არჩევნებზე და შემდგომ, კონტექსტის და არჩევნების ხასიათის გათვალისწინებით, სხვა ქვეყნებზე - მათი იურისდიქციის გათვალისწინებით. დოკუმენტაციის წარდგენის პროცესი მოიცავს რეკლამის დამკვეთის ვალდებულებას, რომ რეკლამას მიენიჭოს პოლიტიკური რეკლამის სტატუსი და დაადასტუროს დამკვეთის ვინაობა და ადგილმდებარეობა. 

შემოწმების გავლის (verification) შემდეგ, რეკლამის დამკვეთი ვალდებული იქნება პოლიტიკურ რეკლამას დაურთოს თუ ვის სასარგებლოდ და ვის მიერ არის დაფინანსებული აღნიშნული რეკლამა. ამგვარად, დაინტერესებულმა პირმა უნდა შეძლოს დეტალური ინფორმაციის მიღება რეკლამის დამკვეთის შესახებ და ასევე, თუ რატომ არის ის ამ კონკრეტული რეკლამის სამიზნე აუდიტორია. 

პოლიტიკური რეკლამის დამკვეთს, რომელიც პროაქტიურად არ გაამჟღავნებს სავალდებულო ინფორმაციას, „ფეისბუქი“ შესაბამისი ჭკვიანი ალგორითმებით მოძებნის და დაავალდებულებს ვინაობის გამჟღავნებას. 

აღნიშნული საფრთხეების დასაძლევად ფეისბუქის ადმინისტრაცია გეგმავს მჭიდრო კომუნიკაციას სახელმწიფოების მთავრობებთან დამრღვევი აქტორების შესახებ ინფორმაციის გაზიარების მიზნით, რათა ისინი გამოეთიშონ ყველა სოციალურ პლატფორმას სავალდებულო ინფორმაციის დამალვის შემთხვევაში. 

ფეისბუქის ადმინისტრაციის მიერ ზემოაღნიშნული ინიციატივების გაჟღერებისა და დანერგვის პროცესში მნიშვნელოვანია საქართველოში საარჩევნო პროცესში ჩართულმა მხარეებმა დაიწყონ მომავალი არჩევნებისთვის ამ კუთხით მომზადება და ფეისბუქის ადმინისტრაციასთან კომუნიკაცია. საქართველოს რეალობის გათვალისწინებით, ყველა პლატფორმაზე განთავსებული პოლიტიკური რეკლამის მიმართ უნდა გავრცელდეს გამჭვირვალობის იგივე სტანდარტი, რაც ვრცელდება სატელევიზიო რეკლამის მიმართ.

1რეკლამების საერთო რაოდენობის 44% განთავსდა საპრეზიდენტო არჩევნებამდე, ხოლო 56% საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ.
 

<< უკან
05.03.2018


Print
All rights reserved & Design is copyrighted