ცრუ ინფორმაციის მზარდი გავლენა აიხსნება და არსებითად დაკავშირებულია მედია ტექნოლოგიების ცვლილებებთან. ერთი მხრივ, მედია ბაზარზე შესვლის ბარიერები ელვის სისწრაფით მცირდება - რადგან გამარტივდა როგორც ვებ-გვერდების შექმნა, ასევე ვებ კონტენტით სარგებლის მიღება სარეკლამო პლატფორმების მეშვეობით. მეორე მხრივ, სოციალური მედია ხელს უწყობს დეზინფორმაციის გავრცელებას, რადგან, შესაძლებელს ხდის მომხმარებელთა შორის ნებისმიერი ინფორმაციის გაცვლას ფილტრაციის, გადამოწმებისა თუ რედაქტირების გარეშე. იმ ფონზე, როცა ტრადიციული მედია კომპანიები გადარჩენისთვის იბრძვიან და ახალ ბიზნეს მოდელებს ეძებენ შემცირებული სარეკლამო შემოსავლებისა და მკითხველთა რიცხვის კლების პირობებში, ინტერნეტ პლატფორმები, როგორიცაა Google და Facebook, ერთგვარ გავლენიან რედაქტორებად გარდაიქმნენ. ისინი აკონტროლებენ მომხმარებელთათვის მიწოდებული ინფორმაციის ნაკადს ალგორითმების მეშვეობით, რომლებიც უპირატესობას ანიჭებენ ისეთ პოსტებს, რომლებიც უფრო მეტ გამოხმაურებას იწვევს - ანუ ახალისებენ ზუსტად იმ ეფექტს, რა მიზნითაც იქმნება მცდარი ინფორმაცია.
საინტერესოა, რომ არჩევნების პერიოდში დეზინფორმაციის გავრცელებასთან თითქმის ყოველთვის რუსეთის კავშირები იკვეთება. საფრანგეთში, ნიდერლანდებში, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში, ამომრჩევლის არჩევანზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით განხორციელებული თავდასხმებისა და ცრუ ინფორმაციის უკან, ძირითადად, კრემლთან დაკავშირებული ჰაკერები და სავარაუდოდ რუსული წარმომავლობის მქონე ფეისბუქ მომხმარებლები იკვეთებიან, რომლებმაც ამომრჩეველზე მიმართულ პოლიტიკურ რეკლამაზე სერიოზული თანხა დახარჯეს. ონლაინ სივრცეში დეზინფორმაციასთან გამკლავების გამოწვევის საპასუხოდ, სხვადასხვა აქტორების ძალისხმევით, მითების მყისიერად დასამსხვრევად წინასაარჩევნო პერიოდში ფაქტების გადამოწმების არაერთი პროგრამა ამოქმედდა. ხოლო ტექნოლოგიურ გიგანტებს, როგორიცაა Facebook და Google მოუწიათ პოტენციური ონლაინ დეზინფორმაციის შესახებ საზოგადოების ინფორმირება და მასთან გასამკლავებლად ახალი ტექნიკური საშუალებების შექმნა. აშშ-ში მკაცრი კრიტიკის ქვეშ მოექცა Facebook, რომელმაც ვერ შეძლო წინ აღდგომოდა სოციალური ქსელის დეზინფორმაციისთვის გამოყენებას. საგანმანათლებლო მიზნით, Facebook-მა მომხმარებლებს შესთავაზა
რჩევები თუ როგორ აღმოაჩინონ ცრუ ინფორმაცია. პრობლემაზე ტექნიკური რეაგირების საჩვენებლად კი, Facebook-მა შეიმუშავა მექანიზმი, რომელიც ჟურნალისტებს საშუალებას აძლევს ისეთი ცრუ ინფორმაციის იდენტიფიცირება მოახდინონ, რომელიც Facebook-ის მომხმარებლებს საეჭვოდ ეჩვენებათ. აღნიშნულით საგამოძიებო ჟურნალისტებს მიეცათ შესაძლებლობა, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული მასალა გადაამოწმონ. უფრო მეტიც,
Facebook-მა ცოტა ხნის წინ განაცხადა რეკლამების დაფინანსების გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით საკუთარ ძალისხმევაზე, მათ შორის, პოლიტიკური რეკლამის განმთავსებლების იდენტიფიკაციის ვალდებულებისა და პოლიტიკური რეკლამების გრაფიკული ბაზის შესახებ, რომელიც საშუალებას მისცემს მომხმარებელს გაიგოს, თუ ვინ დგას ამა თუ იმ რეკლამის უკან. ანალოგიურად,
Twitter-მაც გამოაცხადა რეკლამის გამჭვირვალობის ცენტრის შექმნის შესახებ, რაც უფრო მკაცრ წესებს აწესებს პოლიტიკური რეკლამისთვის. ისეთ არხებს კი, როგორიცაა
Russia Today და Sputnik-ი, ტვიტერზე რეკლამების განთავსება აეკრძალათ. თუმცა, მიუხედავად მსგავსი ინიციატივებისა, ონლაინ პლატფორმები კვლავ უნებურად უწყობენ ხელს დეზინფორმაციის გავრცელებას ინტერნეტ სივრცეში.
ბოლო პერიოდში დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთ გზად ასევე განიხილავენ მარეგულირებელი ჩარჩოს ჩამოყალიბებას, რომელიც ონლაინ პლატფორმებს მათ მიერ შექმნილი ინფორმაციის შინაარსზე უფრო მეტ პასუხისმგებლობას დააკისრებს. უნდა აღინიშნოს, რომ ცრუ ინფორმაცია, როგორც ასეთი, რაოდენ დამაზიანებელიც არ უნდა იყოს, არ არის უკანონო. შესაბამისად, შეუძლებელია მათი გავრცელების გამო პასუხისმგებლობა დაეკისროს კონკრეტულ ადამიანს თუ ონლაინ პლატფორმას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მსგავსი ინფორმაცია შეიცავს სიძულვილის ენის, ძალადობის წაქეზების, საავტორო უფლებების დარღვევის ან ცილისწამების ელემენტებს. აღსანიშნავია ევროკომისიის რამდენიმე ინიციატივა, რომლებიც მიზნად ისახავს ონლაინ პლატფორმების მიერ სიძულვილის ენის შემცველი შინაარსის სწრაფ აღმოჩენას და წაშლას (
აუდიოვიზუალური მედია სერვისების შესახებ დირექტივა და
ინტერნეტში უკანონო სიძულვილის ენასთან ბრძოლის ქცევის კოდექსი). ევროკავშირის მიერ შექმნილი
სტრატეგიული კომუნიკაციების სამუშაო ჯგუფი, შეზღუდული ადამიანური და ფინანსური რესურსების მიუხედავად, ასევე მიზნად ისახავს დეზინფორმაციის მზარდი ტალღისა და ევროკავშირის საწინააღმდეგო პროპაგანდისთვის წინ აღდგომას. ანალოგიურად,
ჩეხეთში შეიქმნა პოლიციის სააგენტო, რომელიც ახდენს სოციალურ მედიაში გავრცელებული დეზინფორმაციის და სხვა „ჰიბრიდული საფრთხეების“ სკრინინგს. რადიკალურ მეთოდს მიმართა საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა ა/წ აპრილში, როდესაც თავისი საპრეზიდენტო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობა აუკრძალა ორ რუსულ საინფორმაციო საშუალებას - Russia Today-სა და Sputnik-ს.
თუმცა, გამოკვეთილად მკაცრი მაინც გერმანიის მთავრობა იყო 2017 წლის სექტემბრის საპარლამენტო არჩევნების წინ, რომელიც, როგორც ჩანს, დეზინფორმაციამ ყველაზე ნაკლებად დააზარალა. ბუნდესტაგის მიერ 2017 წლის ივნისში მიღებული ქსელების დაცვის აქტიდან გამომდინარე (რომელიც ოქტომბერში ამოქმედდა) ონლაინ პლატფორმებს დაეკისრებათ 50 მილიონამდე ევროს ოდენობით ჯარიმა იმ შემთხვევაში, თუ გამოქვეყნებიდან 24 საათის განმავლობაში არ წაშლიან „ცალსახად უკანონო“ კონტენტს, როგორიცაა სიძულვილის ენა, ცილისწამება და ძალადობის წაქეზება. ინტერნეტ კომპანიებს აქვთ ერთ კვირამდე ისეთ შემთხვევებზე რეაგირებისათვის, რომლებიც ნაკლებად აშკარაა. მაგრამ, აღნიშნულმა კანონმა ბევრი პოლიტიკოსის, ლობისტისა და ტექნოლოგიური კომპანიის შეშფოთება გამოიწვია თავისუფალ სიტყვაზე მისი შესაძლო გამყინავი ეფექტის გამო. აქტმა სოციალურ ქსელებს პოლიტიკურ დებატებში ახალი მძიმე როლი და სამართლებრივი აღსრულების ფუნქცია დააკისრა, ვინაიდან მათ დაევალათ განესაზღვრათ რა წარმოადგენს ცრუ ინფორმაციას, ცილისწამებას და პროპაგანდას. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ, ერთი მხრივ, გერმანიის მიდგომამ შეიძლება გააძლიეროს ცალკეული ონლაინ პლატფორმების ანგარიშვალდებულება, რადგან Facebook-ის მსგავს აქტორებს აღარ შეეძლებათ წარმოჩინდნენ, როგორც კომუნიკაციის ნეიტრალური არხები, მიუხედავად იმისა, როგორ იყენებენ ამ არხს მომხმარებლები. თუმცა, მეორე მხრივ, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაზე წუხილები რეალურია, რადგანაც დადგენა იმისა, თუ სად გადის ზღვარი დეზინფორმაციისა თუ სიძულვილის ენის თაობაზე პოლიტიკოსების შეხედულებებსა და ლეგიტიმურ გამოხატვის თავისუფლებას შორის, რთულია. სამაგიეროდ, ძალიან ადვილი წარმოსადგენია ხელისუფლება, რომელიც დეზინფორმაციის/სიძულვილის ენის ამბივალენტურ დისკურსს იყენებს არასასურველი იდეების ცენზურისათვის. მაგალითის სახით შეგვიძლია გავიხსენოთ დონალდ ტრამპის მიერ აკვიატებული
ტერმინი fake news (ყალბი ამბები), რომელიც, სინამდვილეში, მიზნად სხვადასხვა მედია საშუალებების დისკრედიტაციას ისახავს. გარდა ამისა, აუცილებელია, არალეგალური კონტენტის წაშლის ვალდებულება შესაბამისი სასამართლო ზედამხედველობისა და გამჭვირვალე ანგარიშვალდებულებას დაექვემდებაროს, რათა კერძო გადაწყვეტილებებით თავიდან იქნას აცილებული ონლაინ პლატფორმების მიერ საკუთარი გაუმჭვირვალე სარედაქციო პრაქტიკისა და მოხმარების წესების მეშვეობით მილიარდობით მომხმარებლის კონტენტის მართვა.
ონლაინ პლატფორმებს ნამდვილად აქვთ გავლენა საზოგადოებრივ ცხოვრებაზე, ისევე, როგორც ციფრული დეზინფორმაცია ზემოქმედებს საზოგადოებრივ დისკურსზე. მიუხედავად იმისა, რომ აუცილებელია წახალისდეს დეზინფორმაციასთან ბრძოლის ნებაყოფლობითი ზომები, როგორიცაა ინფორმაციის გადამოწმების ინიციატივები და ონლაინ პლატფორმებზე რეკლამის გამჭვირვალობის გაზრდა, მხოლოდ ეს არ არის საკმარისი. შესაძლოა, რიგ შემთხვევებში, სახელმწიფოს მიერ საკანონმდებლო რეგულირება საზოგადო ინტერესის დაცვისთვის გამართლებული იყოს და გერმანიის მთავრობამ სწორედ რეგულირების გზა აირჩია. თუმცა, რა საბოლოო შედეგს გამოიღებს ეს კანონი და მივიღებთ უფრო უსაფრთხო, სანდო ინტერნეტს თუ ცენზურას, მხოლოდ დრო გვიჩვენებს. მანამდე, ცხადია, რომ საჭიროა გაიზარდოს ინტერნეტ მომხმარებლების მედია განათლება, რომლებიც ხშირად ვერ ახერხებენ განასხვავონ გამოგონილი ფაქტები სინამდვილისგან და ამასთანავე, ვერ აცნობიერებენ საკუთარი ონლაინ აქტივობის შედეგებს. სწორი განათლება აუცილებელია დეზინფორმაციის პრობლემის გადაწყვეტისთვის, რადგან ხშირად მომხმარებლები ერთმანეთს უზიარებენ კონტენტს მხოლოდ მისი სათაურის წაკითხვის შემდეგ, ინფორმაციის წყაროს სანდოობაზე კი ძალიან ცოტა ფიქრობს. ეს
კულტურული პრობლემაა, რომელიც ყალიბდება აცდენებით ფასეულობებში, ურთიერთობებსა და საზოგადოებრივ წესწყობილებაში. ამიტომ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ონლაინ დეზინფორმაციისა და მისი გავლენის შესახებ დებატების დროს არ გამოგვრჩეს იმ ქვეტექსტების ანალიზი, რის გამოც ინდივიდებს სჯერათ ცრუ ინფორმაციის და არ ენდობიან მეინსტრიმულ მედიას.