EN
GE
კენჭისყრის მიმდინარეობისა და უბნის დახურვის პროცესის შეფასება
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის მონიტორინგს 6 საარჩევნო ოლქში ახორციელებს. „სამართლიანი არჩევნების“ სადამკვირვებლო მისია შედგება 317 საუბნო, 6 საოლქო საარჩევნო კომისიის დამკვირვებლისა და 6 მობილური ჯგუფისგან. არჩევნების დღეს, ცენტრალურ ოფისში ფუნქციონირებს 8 ოპერატორისა და 6 იურისტისაგან დაკომპლექტებული მონაცემთა ანალიზისა და ინციდენტების ცენტრები. 

მიმდინარე არჩევნებზე „სამართლიანმა არჩევნებმა“ დამკვირვებლები ქუთაისის, მარტვილის, ოზურგეთის, ხაშურის, ბორჯომის და ყაზბეგის საარჩევნო ოლქების ყველა საარჩევნო უბანზე მიავლინა. 

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურს „სამართლიანი არჩევნები“ ხმების პარალელური დათვლის (PVT) მეთოდოლოგიით აკვირდება, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ დროულად აღმოვაჩინოთ დარღვევები, სისტემურად შევაფასოთ არჩევნების დღის პროცესი და გადავამოწმოთ ოფიციალური შედეგების სიზუსტე. 

„სამართლიანი არჩევნები“ წარმოგიდგენთ შეფასებას კენჭისყრის მიმდინარეობისა და საარჩევნო უბნების დახურვის შესახებ. 

ძირითადი დასკვნები 

„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ კენჭისყრის პროცესი საარჩევნო უბნების უმრავლესობაზე, ძირითადად, კანონით დადგენილი წესების დაცვით ჩატარდა. რიგ საარჩევნო უბნებზე დაფიქსირდა საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოების, ხმის მიცემის ფარულობისა და მარკირების პროცედურის დარღვევის რამდენიმე შემთხვევა. ტენდენციის სახით გამოიკვეთა, საარჩევნო უბნების გარე პერიმეტრზე პარტიული კოორდინატორებისა და სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლების სიმრავლე, განსაკუთრებით ოზურგეთის საარჩევნო ოლქში. 

ამ დროისთვის საუბნო კომისიებში წარდგენილია 14, საოლქო კომისიებში კი - 16 საჩივარი; ჩანაწერთა წიგნში დაფიქსირებულია 2 შენიშვნა. 

დეტალური ინფორმაცია PVT-ის შედეგებზე დაყრდნობით

„სამართლიანმა არჩევნებმა“ კენჭისყრის პროცესის შესახებ, ექვსივე საარჩევნო ოლქიდან ინფორმაცია PVT დამკვირვებლების 99.7%-სგან მიიღო. 

• საარჩევნო უბნების 99.1%-ზე ამომრჩევლებმა არჩევნებში მონაწილეობა სათანადო დოკუმენტაციით მიიღეს. აღნიშნული მაჩვენებელი მცირედით გაუმჯობესებულია არჩევნების პირველი ტურის მონაცემთან (97.4%) შედარებით. 
• საარჩევნო უბნების 99.1%-ზე მარკირება კანონით დადგენილი წესის შესაბამისად მოწმდებოდა, რაც წარმოადგენს უმნიშველო გაუმჯობესებას არჩევნების პირველ ტურთან შედარებით (97.3%).  
• საარჩევნო უბნების 99.7%-ზე ბიულეტენები ხელმოწერითა და ბეჭდით სათანადოდ მოწმდებოდა. ეს მაჩვენებელი სტატისტიკურად არ განსხვავდება არჩევნების პირველი ტურის მონაცემისგან (99.3%). 
• საარჩევნო უბნების 99.7%-ზე ამომრჩეველებს ყოველთვის უკეთდებოდათ მარკირება, რაც არჩევნების პირველი ტურის იდენტურია (99.7%).  
• საარჩევნო უბნების 98.7%-ზე ხმის მიცემის ფარულობა ყოველთვის დაცული იყო, რაც სტატისტიკურად პირველი ტურის მონაცემის (98%) მსგავსია. 
• კენჭისყრის პროცესთან დაკავშირებული სხვა დარღვევები დაფიქსირდა უბნების 2.8%-ზე. აღნიშნული მაჩვენებელი არჩევნების პირველ ტურზე 5.4% იყო. 

დარღვევები 

ამ დროისთვის „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა შემდეგი სახის დარღვევები:  

• #59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის #62 საარჩევნო უბანზე ნაკადის მარეგულირებელმა კომისიის წევრმა კენჭისყრის შენობაში ორი ამომრჩეველი პირადობის მოწმობის გარეშე შეუშვა. ამომრჩეველმა კენჭისყრის შენობა „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვების მითითების შემდგომ დატოვა. დამკვირვებელმა საჩივრით მიმართა კომისიის თავმჯდომარეს, რომელმაც საჩივარი იმ მოტივით არ დაარეგისტრირა, რომ შინაარსს არ ეთანხმებოდა, რაზეც საჩივარი უკვე საოლქო კომისიაში დაიწერა. 
• #59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის #18 საარჩევნო უბანზე შემაჯამებელ ოქმში არასწორად ჩაიწერა ოქმის შედგენის თარიღი და დრო. 
• #60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქის #8 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა სამაგიდო სიაში ხელმოწერების რაოდენობა 1-ით ნაკლებია გაცემული ბიულეტენების რაოდენობაზე.

„სამართლიანი არჩევნები“ არჩევნების დღის შედეგების შესახებ ინფორმაციას საარჩევნო უბნებზე ხმების დათვლის, შედეგების შეჯამების დასრულებისა და მიღებული ინფორმაციის დამუშავების შემდეგ წარმოადგენს. 

„სამართლიანი არჩევნების“ შემდეგი განცხადება გამოქვეყნდება 13 ნოემბერს.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების სადამკვირვებლო მისიის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით,ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(USAID) დაფინანსებით. მისია ასევემხარს უჭერს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ფონდიეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED). არჩევნების მეორე ტურზე დაკვირვება ხორციელდება დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს კონტრიბუციით. განცხადებაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ „სამართლიან არჩევნებსდა შესაძლოა,არ გამოხატავდესUSAID-ის,ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის,გერმანიის, ბრიტანეთის საელჩოს ანNED-ის  შეხედულებებს.

<< უკან
12.11.2017


Print
All rights reserved & Design is copyrighted