EN
GE
2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები: წინასაარჩევნო გარემოს შეფასება
                 

სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI Georgia)
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდი ოფიციალურად 22 აგვისტოს დაიწყო და ორი თვის განმავლობაში გრძელდებოდა. წინასაარჩევნო პერიოდი, ძირითადად, მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა და პოლიტიკური პარტიების აქტივობა შესამჩნევი იყო. განსაკუთრებულად აქტიური წინასაარჩევნო კამპანია თბილისის მერობის კანდიდატებს შორის გამოიკვეთა. დედაქალაქის მერობის ძირითადი კანდიდატები საზოგადოებისთვის ოფიციალური საარჩევნო პერიოდის დაწყებამდე იყო ცნობილი და მათი კამპანია შედარებით ხანგრძლივ პერიოდს მოიცავდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით, აშკარა იყო მმართველი პარტიის დომინანტური მდგომარეობა კამპანიის პერიოდში, რაც პარტიების შემოწირულობებისა და წინასაარჩევნო ხარჯვის მხრივ არსებულ საგრძნობ დისბალანსშიც გამოიკვეთა. მიუხედავად იმისა, რომ ძალადობრივ ინციდენტებს მასიური სახე არ ჰქონია, არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად, მნიშვნელოვნად იმატა ზეწოლა-მუქარის შემთხვევებმა. კვლავ პრობლემურად რჩება მმართველი პარტიის სასარგებლოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ტენდენცია. რიგ შემთხვევებში, ადგილი ჰქონდა წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლის, აგიტაციაში კანონდარღვევით მონაწილეობის შემთხვევებს, მათ შორის საჯარო მოხელეებისა და საარჩევნო კომისიის წევრების მიერ. ამომრჩევლის მოსყიდვის მნიშვნელოვანი ფაქტების შესახებ არ გამხდარა ცნობილი. 

საკანონმდებლო ცვლილებები: თვითმმართველობის არჩევნების კამპანიის პერიოდს წინ უძღვოდა საკონსტიტუციო რეფორმის, ასევე, საარჩევნო და ადგილობრივი თვითმმართველობის კანონმდებლობაში ცვლილებები. საკანონმდებლო ცვლილებებზე მიმდინარე ინტენსიურმა პოლიტიკურ-საზოგადოებრივმა დისკუსიამ და აზრთა სხვადასხვაობამ წინასაარჩევნოდ ოპოზიციური პარტიების ხილვადობა გაზარდა. მიუხედავად მთელი რიგი კრიტიკული შენიშვნებისა, ხელისუფლების მხრიდან ფუნდამენტურად მნიშვნელოვან საკითხებზე გადაწყვეტილებები ნაჩქარევად, კონსესუსისა და განსხვავებული პოზიციების გათვალისწინების გარეშე იქნა მიღებული. აღნიშნულ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ შეფასებული იქნა, როგორც ხელისუფლების მხრიდან ძალაუფლების კონცენტრაციის მცდელობები. 2017 წლის არჩევნებისთვის კვლავ პრობლემად დარჩა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის საკითხი. 

ძალადობა და ფიზიკური დაპირისპირება: წინასაარჩევნო პერიოდში ადგილი არ ჰქონია ძალადობისა და ფიზიკური დაპირისპირების მასშტაბურ შემთხვევებს. გამონაკლისს წარმოადგენდა 19 ოქტომბრის ღამით მარნეულის სოფელ ყიზილაჯლოში, „ქართული ოცნების“ ოფისის მიმდებარედ, მმართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატსა და მის თანმხლებ პირებზე ცეცხლსასროლი იარაღით დავდასხმა. მსგავსი ფაქტი კატეგორიულად დასაგმობია და სამართალდამცავი უწყებების მხრიდან დროულ, ეფექტურ და გამჭვირვალე გამოძიებას საჭიროებს. მიუხედავად იმისა, ჰქონდა თუ არა აღნიშნულ დანაშაულს პოლიტიკური მოტივი, წინასაარჩევნო პერიოდში ასეთი სიმძიმის ფაქტები საარჩევნო გარემოსთვის დამაზიანებელია. ასევე მნიშვნელოვანია, საგამოძიებო უწყებებმა ეფექტურად გამოიძიონ ძალადობისა და ფიზიკური დაპირისპირების სხვა შემთხვევები და მიაზოდონ საზოგადოებას ინფორმაცია გამოძიების შედეგების შესახებ. 

პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა-მუქარა: მიუხედავად ძირითადად მშვიდი წინასაარჩევნო პერიოდისა, არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად, მოიმატა სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა-მუქარისა თუ დაშინების შემთხვევებმა. „სამართლიანი არჩევნების“ წინასაარჩევნო პერიოდის ანგარიშებში ზეწოლა-მუქარისა და სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების 40 შემთხვევა მოხვდა. ასეთი შემთხვევების უმეტესობაში იკვეთება ოპოზიციური პარტიების კანდიდატებისა და აქტივისტების დაშინების მცდელობები მათი მხრიდან კანდიდატურის მოხსნის ან პოლიტიკური აქტივობის შეწყვეტის მიზნით. რამდენიმე ოლქში, სარჩევნო სუბიექტად რეგისტრირებულმა პირებმა კანდიდატურები, სავარაუდოდ, განხორციელებული ზეწოლის შედეგად მოიხსნეს. 1  შემაშფოთებელია ზეწოლისა და მუქარის ფაქტები იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც მოქმედი გამგებლები სახელისუფლებლო პარტიის მხარდაჭერით აღარ სარგებლობენ და არჩევნებში „ქართული ოცნების“ მიერ ნომინირებული კანდიდატების კონკურენტები არიან. რიგ შემთხვევებში საჯარო მოხელეებსა და პედაგოგებს მმართველი პარტიის სასარგებლოდ საქმიანობას სთხოვდნენ. დაფიქსირდა სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების მხოლოდ ერთეული შემთხვევები, თუმცა ოპოზიციური პარტიებისა თუ დამოუკიდებელი კანდიდატების მხარდამჭერები საუბრობდნენ მათი ან მათი ოჯახის წევრების სამსახურიდან გათავისუფლების მუქარის შემთხვევებზე. ზოგიერთ შემთხვევაში სავარაუდო ზეწოლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო, თუმცა გამოძიების შედეგები საზოგადოებისთვის უცნობია. რიგი ფაქტები სამართლებრივი რეაგირების გარეშე დარჩა, მაგალითად თბილისის ბაგა-ბაღებში დირექტორებისთვის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა სიების მოგროვების ფაქტზე მედია საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციით სამართალდამცავი უწყებები არ დაინტერესებულან.

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება: 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას მასშტაბური ხასიათი არ ჰქონია. თუმცა, ტენდენციას წარმოადგენდა საჯარო მოხელეების მობილიზება მმართველი პარტიის კამპანიურ ღონისძიებებზე. ასევე, შესამჩნევი იყო ადმინისტრაციული ორგანოების საკომუნიკაციო საშუალებების მმართველი პარტიის სასარგებლოდ გამოყენება. მართალია, ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტები თითქმის არ გასაჯაროვებულა, თუმცა საარჩევნო პერიოდის დადგომამდე მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების მასშტაბურმა ცვლილებებმა და სოციალური თუ ინფრასტრუქტურული ხარჯების მატებამ ამომრჩევლის კეთილგანწყობის გაზრდის მიზნით საბიუჯეტო რესურსების გამოყენების განცდა გააჩინა. 

აგიტაცია სოციალური ქსელებში: წინასაარჩევნო პერიოდს თან ახლდა სოციალურ მედიაში ინტენსიური კამპანია. მათ შორის, ორგანიზებული სახე ჰქონდა თბილისის მერობის ოპოზიციური კანდიდატების წინააღმდეგ დეზინფორმაციის კამპანიას სხვადასხვა ფეისბუქ-გვერდების მეშვეობით, რომლებიც, ძირითადად, ცრუ და მადისკრედიტირებელ ინფორმაციას დასპონსორებული პოსტების საშუალებით ავრცელებდნენ. წინასაარჩევნო კამპანიაზე დაკვირვების შედეგად, ასევე, გამოვლინდა საჯარო მოხელეების მიერ სამუშაო საათებში საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევით „ფეისბუქის“ პირად გვერდებზე აგიტაციის არაერთი შემთხვევა. სამწუხაროდ, აღნიშნულ შემთხვევებზე საარჩევნო ადმინისტრაციას ეფეტური რეაგირება არ ჰქონია. 

საარჩევნო ადმინისტრაცია: ხარვეზებით წარიმართა საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესი რიგ საოლქო კომისიებში. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მსგავსად, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები საუბრობდნენ ე.წ. „წინასწარი სიების“ არსებობაზე, რომლის მიხედვითაც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები უნდა შეერჩიათ. რიგ შემთხვევებში ასეთი „წინასწარი სიები“ საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ შერჩეული პირების ჩამონათვალს თითქმის სრულად დაემთხვა. მონიტორინგის პროცესში გამოვლინდა სხვადასხვა დონის საარჩევნო კომისიაში ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევები, როდესაც საოლქო და საუბნო კომისიების თანამდებობის პირთა ოჯახის წევრები იმავე ოლქში არჩევნებში მონაწილეობენ. საარჩევნო დავების მიდინარეობისას, 2016 წლის არჩევნების მსგავსად, შესამჩნევია საარჩევნო ადმინისტრაციის და სასამართლოს მხრიდან საარჩევნო კოდექსის გაუმართლებლად ვიწროდ განმარტების ტენდენცია, რაც ხშირ შემთხვევაში იწვევს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევების ფაქტებზე საჩივრების დაუკმაყოფილებლობას, ასევე აღსანიშნავია რომ უმეტესწილად საარჩენო დავებზე მიღებული გადაწყვეტილებები ხასიათდება დასაუთების დაბალი სტანდარტით. საარჩევნო ადმინისტრაციის და სასამართლო ხელისუფლების მხრიდან მსგავსი პრაქტიკა ხელს არ უწყობს საარჩევნო დარღვევებზე ეფექტურ რეაგირებას და მათ სამომავლო პრევენციას, ხოლო რიგ შემთხვევებში, ირიბად ახალისებს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებს. 

უწყებათაშორისი კომისია: წინასაარჩევნო პერიოდში უწყებათაშორისმა კომისიამ არერთი სხდომა გამართა და რეკომენდაცია გამოსცა. კომისიის საქმიანობამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რომ კომისია წარმოადგენს ინფორმაციის გაცვლის მნიშვნელოვან პლატფორმას, თუმცა მას არ გააჩნია დარღვევებზე რეაგირების ეფექტური მექანიზმები. საჭიროა, პრეტენზიების მოსმენისა და ინფორმაციის ურთიერთგაზიარების პლატფორმიდან იგი გადაიქცეს დარღვევებზე რეაგირების უფრო ქმედით და ეფექტურ უწყებად. 

პოლიტიკური პარტიების დაფინანსება და მონიტორინგი: წინასაარჩევნო პერიოდში გამოიკვეთა მნიშვნელოვანი დისბალანსი პარტიების სასარგებლოდ განხორციელებული შემოწირულობებისა და კამპანიის ხარჯების თვალსაზრისით. მმართველმა პარტიამ 2 ოქტომბრის ჩათვლით სარეკლამო მომსახურებისათვის 4,939,306 ლარი გაიღო, მაშინ როცა სხვა ოპოზიციური პარტიების ხარჯები მნიშვნელობად ჩამორჩება მას. 1 ივნისიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით „ქართული ოცნების” მიერ მიღებული შემოწირულობა 12-ჯერ აღემატებოდა ყველა კვალიფიციური სუბიექტის ჯამურ შემოწირულობებს. მთლიანი შემოწირულობის 80% 643 ფიზიკურმა პირმა გაიღო, ხოლო დანარჩენი – 32 იურიდიულმა პირმა, რომელთაგან 31 „ქართული ოცნების” შემომწირველია. „ქართული ოცნების” 31 შემომწირველი კომპანიიდან 2017 წელს 15-მა გამარტივებული წესით 2,145,022 ლარის ღირებულების სახელმწიფო კონტრაქტები მიიღო, მაშინ როდესაც პარტიის სასარგებლოდ მთლიანობაში 1,021,793 ლარი გაიღეს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მონაცემებით, შემომწირველი ფიზიკური პირებიდან, ნაწილი ასევე დაკავშირებული იყო 70 იურიდიულ პირთან, რომელმაც 2017 წელს გამარტივებული წესით სახელმწიფო შესყიდვების ერთი კონტრაქტი მაინც მიიღო. 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2017 წლის 1 ივნისიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით შემოწირულების შემოწმების მიზნით 544 ფიზიკური პირის შემოსავლების შესწავლაზე გააგზავნა მოთხოვნა, საიდანაც გამოკითხვაზე 31 პირი დაიბარა, რომელთაგან 13 არის „ევროპული საქართველოს“ შემომწირველი, ხოლო 18 – „ქართული ოცნების“. არც ერთი შემომწირველი არ დაჯარიმებულა. სახელმწიფო აუდიტის სამასახურმა ვერ მოახერხა პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებული მონაცემების პროაქტიულად და სრულად გამოქვეყნება. ასევე, პრობლემას წარმოადგენდა პარტიების დაფინანსების მონიტორინგზე პასუხისმგებელი მოადგილის შეცვლა არჩევნებამდე ორი კვირით ადრე. 

მედია გარემო: მედია გარემო წინასაარჩევნო პერიოდში მრავალფეროვანი იყო. არ გამოვლენილა ჟურნალისტებზე თავდასხმის ან ზეწოლის ფაქტები. მაუწყებელთა პოლიტიზირება კვლავ პრობლემურ საკითხად რჩება. მიუხედავად ამისა, ტელევიზიების უმეტესობამ აქტიურად გააშუქა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, მათ შორის ყველა ნაციონალურ ტელეარხზე იყო დებატები. მოსახლეობას ჰქონდა შესაძლებლობა საარჩევნო საკითხებს სხვადასხვა მაუწყებლების მეშვეობით გაცნობოდა, მაგრამ თავად ტელევიზიები ვერ უზრუნველყოფდნენ საკუთარ გადაცემებში ყველა კანდიდატის მიუკერძოებელ გაშუქებას

სადამკვირვებლო ორგანიზაციები: წინასაარჩევნო პერიოდის მიმდინარეობას ადგილი არ ჰქონია დამკვირვებლებზე ზეწოლისა თუ ხელის შეშლის შემთხვევებს. თუმცა, საარჩევნო პერიოდში სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ კვლევებსა და ანგარიშებს მმართველი პარტიისა და ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მწვავე, ხშირ შემთხვევაში, აგრესიული შეფასებები მოჰყვებოდა.

 
1 ოფიციალური მონაცემებით, კანდიდატურის მოხსნისთვის კანონმდებლობით დადგენილ ვადაში რეგისტრაციიდან მოიხსნა სხვადასხვა ოლქში საკრებულოს დეპუტატობის 196 და მერობის 21 კანდიდატი. 
  

<< უკან
20.10.2017


Print
All rights reserved & Design is copyrighted