EN
GE
არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიაზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით
ხელმომწერი ორგანიზაციები აღშფოთებას გამოვხატავთ საქართველოს გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიაზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით. ლაშა თორდიას განცხადებით მას თავს დაესხა ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და დაცვის წევრებთან ერთად ფიზიკურად გაუსწორდა, რაც განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს. დაზარალებულის განცხადებით თავდასხმა მოხდა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, რომელზეც აუდიტის სამსახური მოკვლევას აწარმოებდა. ლაშა თორდიას განცხადებით საქმე 2016 წელს მიწების გადაცემის საკითხს ეხება და მასში ოთარ ფარცხალაძის გვარი ფიგურირებს. 

როგორც ცნობილი გახდა შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს. კონსტიტუციური ორგანოს ხელმძღვანელის მიმართ, სავარაუდოდ, ამ ორგანოს საქმიანობასთან კავშირში ჩადენილი ძალადობრივი აქტი არ შეიძლება დაკვალიფიცირდეს როგორც რიგითი ცემის ან ძალადობის შემთხვევა. მნიშვნელოვანია, დანაშაულის კვალიფიკაცია მოიცავდეს ისეთ ნიშნებს, რაც დამახასიათებელია მმართველობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის, კერძოდ, ძალადობას ხელისუფლების წარმომადგენელზე, მის სამსახურებრივ საქმიანობასთან კავშირში.

იმის გათვალისწინებით, რომ საქმე ეხება კონსტიტუციური ორგანოს ხელმძღვანელზე თავდასხმას და მასში სავარაუდოდ ფიგურირებს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფიცხალაძე, რომლის არაფორმალურ გავლენებზეც სამართალდამცავ უწყებებში საზოგადოებაში არსებობს კითხვები, მნიშვნელოვანია, საქმის შესწავლა განახორციელოს საქართველოს პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ. სხვა შემთხვევაში მიმდინარე გამოძიებას არ ექნება სანდოობა საზოგადოების თვალში. 

აქვე უნდა ითქვას, რომ ბოლო პერიოდში საზოგადოება არაერთი ძალადობრივი ფაქტის მომსწრე გახდა, რომელთა ეფექტიანი გამოძიებაც სამართალდამცავ ორგანოებს არ განუხორციელებიათ. ამ საქმეებს შორის არის ისეთებიც, რომელშიც დაზარალებული პირები სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების შესაძლო მონაწილეობაზე მიუთითებდნენ. სამწუხაროდ, მოქმედი სამართალდამცავი სისტემა ვერ აჩვენებს მზაობას ეფექტურად უპასუხოს ასეთ შემთხვევებს, რაც დაუსრულებელ გამოძიებებში ვლინდება. სწორედ ასეთი დაუსჯებლობა განაპირობებს ძალადობრივი ფაქტების გავრცელებას საჯარო სივრცეში და აჩენს დაუცველობის განცდას. განსაკუთრებით საგანგაშოა, როცა ასეთ ფაქტებში მოქმედი ან ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების შესაძლო მონაწილეობა იკვეთება. ასეთი ფაქტები და მათზე არაეფექტური რეაგირების ტენდენცია კიდევ ერთხელ აყენებს დღის წესრიგში დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის დროულად შექმნის საჭიროებას, რომელიც გამოძიებეს საქმეებს, სადაც სამართალდამცავი ორგანოების მონაწილეობა შეიძლება იკვეთებოდეს.  

მოვუწოდებთ:
 საგამოძიებო ორგანოებს, დროულად გაასაჯაროვონ ინფორმაცია ამ დრომდე განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ;
 საქართველოს პარლამენტს, შექმნას დროებითი საგამოძიებო კომისია საქმის დროული და მიუკერძოებელი გამოძიების მიზნით;
 საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს, დროულად გადაიდგას ნაბიჯები დაუსჯელობის პრობლემასთან საბრძოლველად და შეიქმნას ეფექტიანი დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი. 

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ადამიანის უფლებების სწავლებისა და  მონიტორინგის ცენტრი (EMC)
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
კონსტიტუციის 42- მუხლი 
სიდა



<< უკან
14.05.2017


Print
All rights reserved & Design is copyrighted