EN
GE
არასამთავრობო ორგანიზაციები ვენეციის კომისიას მიმართავენ
ოთხმა არასამთაავრობო ორგანიაციამ ვენეციის კომისიისთვის სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ერთობლივი შეფასება გამოაქვეყნა. დოკუმენტი ასახავს სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია), საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა და ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს პოზიციებს. ეს ოთხი ორგანიზაცია სახემწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრები იყვნენ და კომისიის ოთხივე სამუშაო ჯგუფში იყვნენ წარმოდგენილი

ერთობლივი შეფასების დოკუმენტის მიზანია, არასამთავრობოებმა ვენეციის კომისიას წარუდგინონ საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო პროცესისა და ფორმატის დეტალური ანალიზი. ასევე, დოკუმენტში გამოთქმულია მოსაზრებები კონსტიტუციის პროექტით გათვალისწინებულ რამდენიმე ყველაზე მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით. ესენია საპარლამენტო საარჩევნო სისტემა, პრეზიდენტის არჩევის წესი და ქორწინების შესახებ ჩანაწერი.

არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის განსაკუთრებით პრობლემურია საარჩევნო სისტემა, კონკრეტულად კი გაუნაწილებელი მანდატების განაწილების წესი. კონსიტუციის პროექტი ითვალისწინებს არჩევნებში პირველ ადგილზე გასული პარტიისთვის ულიმიტო ბონუსის შემოღებას, რომლის მიხედვითაც ყველა გაუნაწილებელი მანდატი  ერთ პარტიას ერგება. საარჩევნო სისტემის ეს ასპექტი უსამართლოა და მნიშვნელოვნად აკნინებს მაჟორიტარული სისტემის გაუქმებით მიღებულ პოზიტიურ შედეგს. ამასთან, საარჩევნო ბლოკების გაუქმება 5%-იანი ბარიერის შენარჩუნების პირობებში აჩენს რისკებს რომ არჩევნების შედეგად მაღალი იყოს გაუნაწილებელი მანდატების რაოდენობა. ამ გაუნაწილებელი მანდატების ერთი პარტიისადმი მიკუთვნება საფრთხეს შეუქმნის პოლიტიკურ პლურალიზმს და ხელს შეუწყობს ძალაუფლების ხანგრძლივ კონცენტრაციას ერთი პარტიის ხელში. არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ კონსტიტუციით განსაზღვრული უნდა იყოს მანდატების გადანაწილება პარლამენტში შესულ ყველა პარტიაზე მათი შედეგების პროპორციულად. 

გარდა აღნიშნულისა, პრობლემატურია ასევე ქორწინების განსაზღვრა როგორც „ქალისა და მამაკაცის კავშირი“. ეს ცვლილება განსაკუთრებით საფრთხის შემცველია ქვეყანაში არსებული ჰომოფობიური განწყობების, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის მზარდი ტენდენციისა და ლგბტ ჯგუფებისათვის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების მხრივ არსებული პრობლემების  გათვალისწინებით. ამ ჩანაწერს, რომელიც ჰომოფობიურ და პოპულისტურ კონოტაციას ატარებს გამყინავი ეფექტი ექნება ლგბტ უფლებების მდგომარეობაზე საქართველოში. ქორწინების თანაწორობის თეორიული შესაძლებლობის აკრძალვა პრობლემურია იმის ფონზე, რომ ქართული კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ერთი და იმავე სქესის წყვილებისათვის სამოქალაქო პარტნიორობას. არასამთავრობო ორგანიზაიებს მიაჩნიათ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, საქართველომ უნდა უზრუნველყოს ერთი და იმავე სქესის წყვილთა სამართლებრივი აღიარება და საპირისპირო სქესის  წყვილთა მსგავსი უფლებებით უზრუნველყოფა. 

პარლამენტის თავმჯდომარის დაპირებით,  ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია გათვალისწინებული იქნება. შესაბამისად, ვენეციის კომისიის პოზიცია შესაძლოა იყოს ყველაზე ეფექტური მექანიზმი კონსტიტუციის პროექტში არსებული პრობლემური ჩანაწერების გამოსასწორებლად. არასამთავრობო ორგანიზაციები მზად არიან გააგრძელონ  მუშაობა ვენეციის კომისიასთან და მიაწოდონ მას ინფორმაცია საკონსტიტუციო რეფორმის პროცესის შემდეგი მიმდინარეობის შესახებ. 



საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის შეფასება - არასამთავრობოების მიმართვა ვენეციის კომისიას by ISFED 


<< უკან
09.05.2017


Print
All rights reserved & Design is copyrighted