EN
GE
არასამთავრობოების განცხადება ექსპრეზიდენტის დაკითხვაზე დაბარების შესახებ

გვინდა, გამოვეხმაუროთ საქართველოს პროკურატურის 22 მარტის განცხადებას,რომლის მიხედვითაც,საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე საქმეზე მოწმის სტატუსით ჩვენების მისაცემად იქნა დაბარებული.ცხადია,რომ საქართველოს ყველა მოქალაქე,მათ შორის ყოფილი პრეზიდენტი,კანონის წინაშე თანასწორია და,საჭიროების შემთხვევაში,ვალდებულია ითანამშრომლოს გამოძიებასთან.თუმცა,განსაკუთრებით დიდი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე,ეს პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალედ და ღიად უნდა წარიმართოს.მნიშვნელოვანია გამოირიცხოს ეჭვი,რომ ადგილი აქვს პოლიტიკური ნიშნით დევნას,რაც მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს ქვეყნის იმიჯს.

 

ამ ეტაპზე არსებობს რამდენიმე გარემოება, რამაც შეიძლება სერიოზული ჩრდილი მიაყენოს ობიექტურ გამოძიებას. ვფიქრობთ, რომ პროკურატურამ უფრო მეტი ინფორმაცია უნდა მიაწოდოს საზოგადოებას,თუ რატომ წარმოიშვა მიხეილ სააკაშვილის დაკითხვის აუცილებლობა მაინცდამაინც ახლა და როგორ მოხდა,რომ რამდენიმე საქმეზე მისი დაკითხვა ერთსა და იმავე დროს გახდა საჭირო.

 

ვფიქრობთ, ამ შემთხვევაში მნიშვენლოვანია, როგორც საშინაო,ასევე საგარეო კონტექსტის გათვალისწინება.საქართველო,ისევე როგორც მთელი რეგიონი განსაკუთრებული საგარეო საფრთხეების წინაშე იმყოფება.იმ ფონზე,როდესაც,ერთი მხრივ,ხდება ევროკავშირის ხელმძღვანელი პირების მიერ საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის დაჩქარების დაანონსება,ხოლო,მეორე მხრივ,კეთდება ნატო- გაფართოვების პროცესისადმი ახალი მიდგომების შესახებ განცხადება,მნიშვნელოვანია,რომ ყოფილი პრეზიდენტის დაბარება საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების მიერ არ იქნას აღქმული,როგორც  ხელისუფლების პოლიტიკურად მოტივირებული ქმედება და ეს ფაქტი უარყოფითად არ აისახოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე.

 

ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის დასაკითხად დაბარება წინასაარჩევნო კონტექსტშიც შეიძლება იქნეს განხილული.პროკურატურამ უნდა განმარტოს,თუ რატომ გახდა საჭირო ყოფილი პრეზიდენტის დაკითხვაზე დაბარება ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე.ვფიქრობთ,რომ წინასაარჩევნო პერიოდში ოპოზიციის წარმომადგენლებისა და ყოფილი თანამდებობის პირების მიმართ საპროცესო მოქმედებების წარმოება უარყოფით გავლენას მოახდენს თავისუფალ და სამართლიან საარჩევნო პროცესზე.ვფიქრობთ საგამოძიებო ორგანოებმა,შარშანდელი არჩევნების მსგავსად,მაქსიმალურად  თავი უნდა შეიკავონ ოპოზიციური პარტიების ლიდერებისა და აქტივისტების მიმართ მსგავსი ქმედებებისგან.აღნიშნული რამ ცალსახად პოზიტიურ გავლენას მოახდენს წინასაარჩევნო გარემოზე.

 

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

საერთაშორისო გამჭვირვალობასაქართველო

სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა)

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)


<< უკან
26.03.2014


Print
All rights reserved & Design is copyrighted