EN
GE
განცხადება ნაციონალური მოძრაობის მიერ უწყებათაშორისი კომისიის დატოვებასთან დაკავშირებით
გვინდა გამოვეხმაუროთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათშორისი კომისიის 2013 წლის 11 ოქტომბრის სხდომაზე განვითარებულ მოვლენებს, რის შემდეგაც „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ კომისიის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. როგორც სხდომის მონაწილეებს და თვითმხილველებს, შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელსა და კომისიის თავმჯდომარეს შორის მართლაც მოხდა შელაპარაკება, რა დროსაც პარლამენტის წევრმა თინათინ ბოკუჩავამ კომისიის თავმჯდომარეს უთხრა, რომ მმართველ პარტიას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განადგურება უნდა, რაზეც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა უპასუხა, რომ ეს მათ უკვე წარმატებულად მოახერხეს.  


სამწუხაროდ, ასეთი სახის არაკონსტრუქციული დიალოგი კომისიაზე პირველი არ იყო და მსგავსი რამეს ადგილი სხვა დროსაც ჰქონდა არა მხოლოდ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, არამედ სხვა, იქ წარმოდგენილი პირების მიმართ, რომლებიც წარადგენენ ინფორმაციას წინასაარჩევნო პერიოდში დარღვევებთან დაკავშირებით. 


ცალსახად გვინდა აღვნიშნოთ, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის ფორმატი ძალიან მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო პერიოდში, რადგან პოლიტიკურ პარტიებსა და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს აქვთ საშუალება უშუალოდ დააყენონ საარჩევნო  პერიოდთან დაკავშირებული მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები კომისიის წინაშე და კომისიის წევრებს მიაწოდონ ინფორმაცია სავარაუდო დარღვევებთან დაკავშირებით. ამ ინფორმაციის საფუძველზე, კომისია გასცემს რეკომენდაციებს, რომელთა შესრულებაც მნიშვნელოვანია ქვეყანაში თავისუფალი არჩევნების ჩატარებისთვის. 


იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულმა კომისიამ მართლაც რამდენიმე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია შეიმუშავა; არაერთ შემთხვევაში კომისიის მეირ დეტალურად ხდებოდა საკითხის განხილვა და დამსწრე პირებს თავიანთი პოზიციის ჩამოსაყალიბებლად სათანადო დრო ეძლეოდათ, რასაც ცალსახად დადებითად ვაფასებთ. თუმცა, სამწუხაროდ ხშირად წინასაარჩევნო პერიოდში წარმოქმნილი პრობლემატური საკითხის კონსტრუქციულ რეჟიმში განხილვის ნაცვლად, კომისიის სხდომები პოლიტიკური დებატების ადგილი ხდებოდა. მიგვაჩნია, რომ არაკონსტრუქციული გარემო, რომელიც შექმნილი იყო უწყებათაშორისი კომისიის სხდომებზე, აზარალებს ამ კომისიის მუშაობის ეფექტურობას და ნდობას მისი საქმიანობის მიმართ.


ერთის მხრივ, გვესმის, რომ უწყებათაშორისი კომისიის სხდომებზე  პოლიტიკური პარტიების წევრთა მონაწილეობის პირობებში, გარკვეული საკითხების პოლიტიკური კონტექსტის მიღმა განხილვა რთულია, თუმცა, იუსტიციის მინისტრს, როგორც კომისიის თავმჯდომარეს, სხდომის ფასილიტაციაც ევალება, რის გამოც ვთვლით, რომ მას თმენის მეტი ვალდებულება აქვს . 


მაშინ, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნებამდე სულ ორი კვირაა დარჩენილი და წინასაარჩევნო კამპანია აქტიურ ფაზაშია შესული, მნიშვნელოვანია, რომ მხარეები სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდნენ, რისთვისაც კონფლიქტი დაუყოვნებლივ უნდა ამოიწუროს. მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კომისიაში დაბრუნდეს, ხოლო უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარემ უზრუნველყოს ამ შეხვედრების კონსტრუქციულ გარემოში ჩატარება. 

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED)
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“


<< უკან
12.10.2013


Print
All rights reserved & Design is copyrighted