EN
GE
კოალიცია მოუწოდებს არასამთავრობო ორგანიზაციებს სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეაგირების შიდა ორგანიზაციული მექანიზმები შექმნან
კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭირვალე მართლმსაჯულებისათვის შეშფოთებას გამოხატავს ბოლო პერიოდში გავრცელებულ სექსუალური შევიწროების სავარაუდო შემთხვევების გამო. კოალიცია დაუშვებლად მიიჩნევს ქალთა სექსუალურ შევიწროებას დასაქმების ადგილას თუ სხვა სივრცეში, მიაჩნია რა, რომ გენდერული ძალადობისგან დაცვა არის ადამიანის ფუნდამენტური უფლება. კოალიცია თანადგომას უცხადებს ყველა ქალს, რომელმაც განიცადა სექსუალური შევიწროება ნებისმიერი პირისგან და მიიჩნევს, რომ მათი უფლებები დაცული უნდა იყოს ეფექტიანი სამართლებრივი მექანიზმებით, რისთვისაც მნიშვნელოვანია ამ ფაქტების განხილვა და შესწავლა შესაბამის ფორმატებში გაგრძელდეს. 

ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაცია, სამოქალაქო სექტორში სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტების შესახებ, განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გვაკისრებს სათანადო რეაგირება მოვახდინოთ მომხდარზე, მათ შორის, გავაძლიეროთ თვითრეგულირების მექანიზმები. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ სექსუალური შევიწროვების შესაძლო შემთხვევების პრევენციისა და გამოვლენის მიზნით, შესაბამისი ზომები იყოს მიღებული სახელმწიფო უწყებებში, პოლიტიკური პარტიებსა და კერძო სექტორში დასაქმებულ პირებთან დაკავშრებით. ბოლო პერიოდში მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში სექსუალური შევიწროვების, როგორც დისკრიმინაციის ფაქტის დადგენას ეხება, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ პრობლემის აქტუალურობაზე სახელმწიფო უწყებებში. აუცილებელია, აღნიშნულ სექტორში გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა გააცნობიერონ სექსუალური შევიწროვების, როგორც გენდერული დისკრიმინაციის არსი, მოახდინონ არა შერჩევითი, არამედ ობიექტური და მიუკერძოებელი რეაგირება და დაიცვან მსხვერპლთა უფლებები. 

ეროვნულ კანონმდებლობაში სექსუალურ შევიწროებისგანა დაცვის შესაძლებლობა ჯერ კიდევ არ არის ინტეგრირებული, რაც საჭიროებს დაუყოვნებლივ საკანონმდებლო ცვლილებებს. მნიშვნელოვანია, საქართველოს პარლამენტმა გაიზიაროს პასუხისმგებლობა იმის თაობაზე, რომ არასრული საკანონმდებლო მოწესრიგება ქვეყნის მოქალაქეებს ართმევს სექსუალური ძალადობისგან დაცვის შესაძლებლობას. 

ამავე დროს, მნიშვნელოვანია, არასამთავრობო სექტორში არსებულმა ყველა არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელთაც ჯერ კიდევ არ აქვთ შემუშავებული სექსუალური შევიწროებისგან დაცვის შიდა ორგანიზაციული მექანიზმები, შეიმუშაონ ასეთი მექანიზმი. აღნიშნულმა მექანიზმმა არასამთავრობო ორგანიზაციაში დასაქმებულ ყველა პირს უნდა შეუქმნას სექსუალური შევიწროებისგან თავისუფალი და უსაფრთხო გარემო, დროულად და საფუძვლიანად გამოიკვლიოს სექსუალური შევიწროვების შესახებ არსებულის საჩივარი, უზრუნველყოს შესაბამისი პირის მიმართ პასუხისმგებლობის დაკისრება სექსუალური შევიწროვების ფაქტის დადგენის შემთხვევაში. 

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭირვალე მართლმსაჯულებისათვის გამოხატავს მზადყოფნას არასამთავრობო ორგანიზაციებს მხარი დაუჭიროს სექსუალური შევიწროებისგან დაცვის შიდა ორგანიზაციული მექანიზმის დანერგვაში. აღნიშნული მექანიზმი უზრუნველყოფს მომავალში ქალთა უფლებების დარღვევის პრევენციას და შევიწროების მსხვერპლთათვის მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის მხარდაჭერას.

<< უკან
27.03.2018


Print
All rights reserved & Design is copyrighted