EN
GE
არასამთავრობო ორგანიზაციათა მიმართვა
ქვეყანაში მიმდინარე საკონსტიტუციო ცვლილებების ხმაურიანი განხილვის პარალელურად, სადაც მოქალაქეები, სხვა საკითხებთან ერთად, ხელისუფლებისგან მოითხოვენ თვითმმართველობის უფლებას საკუთარი ქალაქებისა და სოფლებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, საზოგადოებასთან ყოველგვარი კონსულტაციის გარეშე, მოამზადა და უახლოეს დღეებში მუნიციპალიტეტებში „შესათანხმებლად“ გადააგზავნის საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც 14 მუნიციპალიტეტის (მათ შორის, 7 თვითმმართველი ქალაქის) გაუქმებასა და კვლავ საბჭოთა რაიონების ტერიტორიული მოწყობის აღდგენას ითვალისწინებს. 

ხელისუფლების წარმომადგნელები აცხადებენ, რომ იგეგმება თვითმმართველი ქალაქებისთვის თვითმმართველი თემის შეერთება, რაც რეალურად ნიშნავს თვითმმართველობის უფლების დაკარგვას როგორც 7 ქალაქისთვის, ისე თვითმმართველ თემში შემავალი სოფლებისთვის.      
ასევე, ცნობილი გახდა, რომ გარკვეული ზეწოლა მიმდინარეობს ამ მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებზე იმისათვის, რომ საკრებულოებმა ერთხმად დაუჭირონ მხარი სამინისტროს მიერ მომზადებულ ცვლილებებს. 

სამწუხაროა, რომ სამინისტრომ აღნიშნული კანონპროექტის შემუშავების პროცესი წარმართა საზოგადოების წარმომადგენლებისა და ექსპერტების ყოველგვარი ჩართულობის გარეშე. ეს მით უფრო გასაკვირია, როცა 29 მარტს 130-მდე არასამთავრობო, სათემო და მედია ორგანიზაციამ მივმართეთ საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს და მზად ვიყავით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად გვემსჯელა აღნიშნულ საკითხზე. სამწუხაროდ, დღემდე ამ მიმართვას ხელისუფლების მხრიდან არანაირი  დიალოგის სურვილი ან კონსულტაციის მცდელობა არ მოჰყოლია. 

მთავრობის აღნიშნული ინიციატივის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება აქვს არა მარტო სამოქალაქო სექტორს, არამედ იმ მუნიციპალიტეტების მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს, რომელთა გაერთიანებაც იგეგმება. ეს განწყობა კიდევ ერთხელ ნათლად დადასტურდა რეგიონებში კონსტიტუციის განხილვის დროს მოქალაქეების გამოსვლებისას. 

სამწუხაროდ, საკონსტიტუციო განხილვებზე ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობას დაუმალეს სიმართლე და არ უთხრეს, რომ ცვლილებათა პაკეტი, პრაქტიკულად, უკვე მზადაა და სათემო მუნიციპალიტეტებისა და თვითმმართველი ქალაქების გაერთიანების საკითხი დღის წესრიგში სულ მალე დადგება.

ჩვენ დაუშვებლად მიგვაჩნია, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილებების მომზადებისა და განხორციელების პროცესი წარიმართოს საზოგადოების ზურგს უკან. ამიტომაც მივმართავთ საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს, აგრეთვე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, უახლოეს დღეებში, საკრებულოებისთვის ინიციატივის გადაგზავნამდე, გაიმართოს შეხვედრა ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის, მიუხედავად იმისა, ვინ არის ინიციატივის მომხრე თუ მოწინააღმდეგე, რათა განვიხილოთ თვითმმართველი ქალაქებისა და თემებისთვის სტატუსის გაუქმების თაობაზე სამინისტროს მიერ მომზადებული წინადადებები.  


<< Back
18.05.2017


Print
All rights reserved & Design is copyrighted