EN
GE
ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგები
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება 2016 წლის 30 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურს 50 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში აკვირდებოდა. „სამართლიანი არჩევნების“ სადამკვირვებლო მისია 700-მდე აკრედიტირებული და დატრენინგებული დამკვირვებლისგან შედგებოდა, მათ შორის იყო 600-ზე მეტი მოკლევადიანი დამკვირვებელი საუბნო საარჩევნო კომისიებში, 43 საოლქო საარჩევნო კომისიის დამკვირვებელი და 40 მობილური ჯგუფი. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლები ყველა საარჩევნო უბანს უწევდნენ მონიტორინგს ოთხ ოლქში: #36 მარნეულის; #44 ახალციხე-ადიგენის; #49 ქუთაისის და #66 ზუგდიდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში. 24 საათის განმავლობაში, ცენტრალურ ოფისში მონაცემთა და ინციდენტების ცენტრები მუშაობდა.

ორგანიზაცია საპარლამენტო არჩევნებს ხმების პარალელური დათვლის (PVT) მეთოდოლოგიით დააკვირდა, რაც იძლევა საშუალებას შევაფასოთ არჩევნების დღის მთლიანი პროცესი. PVT მეთოდოლოგია გვაწვდის ზუსტ და დროულ ინფორმაციას ხმის მიცემის და დათვლის მიმდინარეობის შესახებ. 
  
ძირითადი დასკვნები

„სამართლიანი არჩევნების“ დაკვირვების შედეგად, ხმის დათვლის პროცესში რამდენიმე საარჩევნო უბანზე ადგილი ჰქონდა მნიშვნელოვანი ტიპის დარღვევებს, მათ შორის, ზოგ უბანზე - ბიულეტენებისა და ხელმოწერების რაოდენობის შეუსაბამობას; შემაჯამებელი ოქმების არასათანადოდ შევსება-გადასწორების ცალკეულ შემთხვევებს, ბიულეტენების ფარულობის დარღვევის მასშტაბურ შემთხვევას ერთ საარჩევნო უბანზე. 

ამ ეტაპისთვის, აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით ორგანიზაციას დაყენებული აქვს საარჩევნო ბიულეტენების გადათვლის და ერთი საარჩევნო უბნის ბათილობის საკითხი.  ხმების პარალელური დათვლის საფუძველზე მიღებული მონაცემებით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ხმის დათვლის პროცესში გამოვლენილი დარღვევები  წარმოადგენდა ცალკეულ საყურადღებო შემთხვევებს, თუმცა, მას არ ჰქონდა სისტემური ხასიათი და ვერ მოახდენდა მაჟორიტარული არჩევნების შედეგებზე არსებითი ხასიათის ზეგავლენას.

ხმის დათვლის პროცესის PVT შეფასება

ამომრჩეველთა აქტივობამ მთელი ქვეყნის მასშტაბით 37.6% (ცდომილების ზღვარი +/- 0.9 %) შეადგინა, რაც პირველ ტურთან  შედარებით დაბალი მაჩვენებელია. 8 ოქტომბერს ამომრჩეველთა აქტივობა  52.9% (ცდომილების ზღვარი +/- 0.9%) იყო.

საარჩევნო უბნების 99.8%-ზე ხმის დათვლის პროცესმა დარღვევების გარეშე ჩაიარა. აღნიშნული მაჩვენებელი სტატისტიკურად ახლოს არის პირველი ტურის მონაცემთან (97.9%).

ხმის დათვლის პროცესში, არცერთ საარჩევნო უბანზე არ დაფიქსირდა არაუფლებამოსილი პირების ყოფნის შემთხვევები, რაც სტატისტიკურად არ განსხვავდება პირველი ტურის მონაცემისგან (99.9%).

საარჩევნო უბნების 0.7%-ზე ხმების დათვლისას უბანზე მყოფ დამკვირვებლებს არ მიეცათ თითოეულ ბიულეტენში ასახული ინფორმაციის დანახვის შესაძლებლობა.

საარჩევნო უბნების 89.2%-ზე იმყოფებოდნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, ხოლო უბნების 79.9%-ზე - „ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები“. არჩევნების პირველ ტურზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები იმყოფებოდნენ საარჩევნო უბნების 89.1%-ზე,  ხოლო“ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები - 87.6%ზე. 




მაჟორიტარული სისტემით არჩევნების შედეგები

„სამართლიანმა არჩევნებმა“ სრულად მიიღო ინფორმაცია დამკვირვებლების 100%-ისგან, რომლებიც ყველა საარჩევნო უბანზე იყვნენ განთავსებული ოთხ საარჩევნო ოლქში: #36 მარნეულის; #44 ახალციხე-ადიგენის; #49 ქუთაისის; და #66 ზუგდიდის მაჟორიტარულ ოლქებში.

მარნეულის #36 მაჟორიტარული ოლქი
 #41 თამაზ ნავერიანი- ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო - 72.27%
 #5 აკმამედ იმამკულიევი - ნაციონალური მოძრაობა - 27.73%

ახალციხე-ადიგენის #44 მაჟორიტარული ოლქი
 #41 გიორგი კოპაძე- ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო - 69.83%
 #5 ვაჟა ჩიტაშვილი - ნაციონალური მოძრაობა - 30.17%

ქუთაისის #49 მაჟორიტარული ოლქი
 #41 კობა ნარჩემაშვილი - ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო - 67.33%
 #5 გიორგი წერეთელი - ნაციონალური მოძრაობა- 32.67%

ზუგდიდის #66 მაჟორიტარული ოლქი
 #41 ედიშერ თოლორაია- ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო - 71.09%
 #5 სანდრა ელისაბედ რულოვსი  - ნაციონალური მოძრაობა- 28.91 %


ხმის დათვლის პროცესში დაფიქსირებული დარღვევები

ბიულეტენების ნაკლებობა ხელმოწერების რაოდენობაზე:

 #60 მაჟორიტარული ოლქის #3 უბანზე (ჩოხატაური) ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა 148-ით აღემატება ბიულეტენების რაოდენობას.

ბიულეტენების მეტობა ხელმოწერებზე: 

 #36 მაჟორიტარული ოლქის #68 საარჩევნო უბანზე (მარნეული) ბიულეტენების რაოდენობა 2-ით მეტია სიაში ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობაზე.
 #65 მაჟორიტარული ოლქის #22 საარჩევნო უბანზე (ზუგდიდი) ბიულეტენების რაოდენობა 1-ით მეტია სიაში ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობაზე.
 #23 მაჟორიტარული ოლქის #37 საარჩევნო უბანზე (საგარეჯო) რეგისტრატორის მიერ გაცემული ბიულეტენები ორით აღემატება ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას.

შემაჯამებელი ოქმის არასათანადოდ შევსება: 

 #68 მაჟორიტარული ოლქის #98 საარჩევნო უბანზე (ბათუმი) შემაჯამებელ ოქმში გადასწორებულია მიღებული ბიულეტენების რაოდენობა და აღნიშნულს თან არ ახლავს შესწორების ოქმი.
 #39 მაჟორიტარული ოლქის #30 საარჩევნო უბანზე (კასპი) შემაჯამებელ ოქმში არაა მითითებული ბათილი ბიულეტენები.

ბიულეტენების არ დამოწმება:

 #44 მაჟორიტარული ოლქის #30 საარჩევნო უბანზე (ახალციხე) 12 ბიულეტენი არ იყო დამოწმებული რეგისტრატორის ხელმოწერით, მათ შორის, ერთს არ ჰქონდა ასევე რეგისტრატორის ბეჭედი. აღნიშნული ბიულეტენებიდან 11 იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, ხოლო ერთი „ქართული ოცნების“;
 #49 მაჟორიტარული ოლქის #98 საარჩევნო უბანზე (ქუთაისი) ხმის დათვლის პროცესში გამოვლინდა, რომ  9 ბიულეტენი არ იყო დამოწმებული რეგისტრატორის ხელმოწერით და ბეჭდით, რაც ბიულეტენების ბათილობის საფუძველია. აღნიშნულ 9-დან არჩევანი 6 ბიულეტენში „ქართული ოცნების“, ხოლო 3 შემთხვევაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ იყო გაკეთებული.

ბიულეტენების ფარულობის დარღვევა

 #66 მაჟორიტარული ოლქის #72 საარჩევნო უბანზე (ზუგდიდი) ხმის დათვლის დროს ხმის ფარულობის დარღვევის მასშტაბური ფაქტი გამოვლინდა. კერძოდ,  35 კონვერტში საარჩევნო ბიულეტენებთან ერთად მოთავსებული იყო ამომრჩევლის ბარათები, რაც ამომრჩევლების იდენტიფიცირების საშუალებას იძლეოდა. მათ შორის, ერთ-ერთ ბიულეტენზე ამომრჩეველს გაკეთებული ჰქონდა მინაწერი, რითიც იგი ადასტურებდა კონკრეტული კანდიდატის სასარგებლოდ ხმის მიცემის ფაქტს. აღნიშნულ ბიულეტენებში მოქალაქეებს არჩევანი „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ჰქონდათ გაკეთებული.

„სამართლიანი არჩევნებს“ საოლქო საარჩევნო კომისიაში დაყენებული აქვს აღნიშნული საარჩევნო უბნის ბათლობის საკითხი.

მასალის დალუქვის წესის დარღვევა:

 #7 მაჟორიტარული ოლქის #29 საარჩევნო უბანზე (კრწანისი) არ მოხდა კომისიის ბეჭდის დალუქვა.
 #7 მაჟორიტარული ოლქის #7 და #9 საარჩევნო უბნებზე (კრწანისი) არ მოხდა ჩანაწერთა წიგნის დალუქვა. 
 #7 მაჟორიტარული ოლქის #23 საარჩევნო უბნანზე (კრწანისი) გაფუჭებული ბიულეტენები არ იყო დალუქული დადგენილი წესით.

საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოება:

 #23 მაჟორიტარული ოლქის #23 საარჩევნო უბნიდან (საგარეჯო) საარჩევნო ოლქში არ იყო წარდგენილი სარეგისტრაციო ჟურნალი.

საკონტროლო ფურცლების შეუსაბამობა:

 #72 მაჟორიტარული ოლქის #3 საარჩევნო უბანზე (ხელვაჩაური) ძირითადი ყუთის საკონტროლო ფურცელი არ შეესაბამება თავმჯდომარესთან შენახულ საკონტროლო ფურცელს. 

ამ დროისთვის „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა 61 შენიშვნა ჩანაწერთა წიგნში, საუბნო საარჩევნო კომისიაში წარდგენილია 37 საჩივარი, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიაში 55 საჩივარი.   

„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლები მოკლე ტექსტური შეტყობინებებისა და სატელეფონო ზარების მეშვეობით აწვდიდნენ ინფორმაციას თბილისში განთავსებულ მონაცემთა ანალიზის ცენტრს, რომელიც დაკომპლექტებული იყო 10 ოპერატორის, 10 იურისტისა და ცენტრალური ოფისის თანამშრომლებისაგან. „სამართლიანმა არჩევნებმა“ შექმნა PTV მონაცემთა ბაზა, რომელიც ამუშავებდა დამკვირვებლების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, ყველა მონაცემი გადიოდა რამდენიმე ხარისხის კონტროლის ტესტს და მათი გადალახვის შემდეგ, ხორციელდებოდა მონაცემთა ანალიზი და მათი შეტანა ორანიზაციის მიგნებებსა და დასკვნებში.

სადამკვირვებლო მისიის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. გარდა ამისა, არჩევნების მეორე ტურზე „სამართლიანი არჩევნების“ სადამკვირვებლო მისია ხორციელდება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოსა და ევროკავშირის (EU) მხარდაჭერით. განცხადებაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას და, შესაძლოა, არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს, და ევროკავშირის შეხედულებებს.

 








<< უკან
31.10.2016


Print
All rights reserved & Design is copyrighted