EN
GE
განცხადება ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით
10 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის საქმეზე. მოსამართლეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, “რუსთავი 2”-ის წილის 100% კვლავაც ქიბარ ხალვაშის საკუთრებაა. 

სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება ჯერ არ ჩაბარებიათ მხარეებს. შესაბამისად, არასამთავრობო ორგანიზაციები სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივ ანალიზს წარმოადგენენ მხოლოდ მას შემდეგ, რაც საჯარო გახდება სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.

მიუხედავად ამისა, საჭიროა ხაზი გაესვას “რუსთავი 2”-ის საქმის მნიშვნელობას ქვეყანაში დემოკრატიული პროცესის, სასამართლო სისტემის გამჭვირვალობისა და მედიის თავისუფლების თვალსაზრისით. “რუსთავი 2”-ის გარშემო განვითარებული მოვლენები ცხადი მაგალითია იმისა, თუ რამდენად სუსტია სასამართლო ხელისუფლება პოლიტიკურად სენსიტიური საქმეების განხილვისას პოლიტიკური ზეწოლის წინააღმდეგ.

რამდენადაც საქართველოში უკვე ოფიციალურად დაიწყო წინასაარჩევნო პერიოდი და პოლიტიკური ძალები ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისათვის ემზადებიან, ქვეყნისთვის, რომელშიც მედია ჯერ კიდევ ნაწილობრივ თავისუფალია, პრინციპულად მნიშვნელოვანია მმართველი პოლიტიკური ჯგუფების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიის არსებობა. არხის ირგვლივ მიმდინარე სასამართლო პროცესის მიუხედავად, “რუსთავი 2” დღემდე რჩება ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ, ფინანსურად დამოუკიდებელ და ამავე დროს ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ საერთო ეროვნულ მაუწყებლად. 

ვთვლით, რომ ქვეყნის მასშტაბით ასეთი მნიშვნელობის მედიასთან დაკავშირებული მფლობელობის დავის განხილვა მაქსიმალურად დაცული უნდა იყოს პოლიტიკური ინტერესთა ჯგუფების ჩარევისგან. თუმცა, “რუსთავი 2”-ის მფლობელობა და არხის სარედაქციო პოლიტიკა სასამართლოში საქმის დაწყებამდეც და მის შემდეგაც აქტიურად განიხილებოდა სხვადასხვა უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის მქონე პოლიტიკოსების მიერ. მსგავსი განცხადებები ადასტურებს, რომ ქართულ პოლიტიკურ ელიტაში კვლავაც არსებობს მწვავე პრობლემები განსხვავებული და კრიტიკული აზრის მიმართ დამოკიდებულების თვალსაზრისით. ამასთან, მართალია მოსამართლე ურთმელიძის 5 ნოემბრის განჩინება რუსთავი 2 დროებითი მმართველების დანიშვნის შესახებ გაუქმდა, თუმცა მოცემული განჩინების დასაბუთება ცალსახად მიგვანიშნებდა სასამართლოს მიერ სწორედ სარედაქციო პოლიტიკის განსაზღვრის საკითხებში ჩარევის შესახებ. განჩინების მიხედვით მოსამართლის მიერ შერჩეულ დროებით მმართველებს უნდა განეხორციელებინათ კონტროლი სარედაქციო პოლიტიკაზე, რადგან მოსამართლის განმარტებით არსებობდა საფრთხე იმისა, რომ “შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“–ის თანამშრომელთა კონცენტრაცია და საქმიანობის მიმართულება ძირითადად გადატანილ იქნება მხოლოდ და მხოლოდ არსებული დავის გარშემო საკითხების გაშუქებაზე“. 

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი და ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორები თითქმის ბოლო ერთი წელია ერთმნიშვნელოვნად აფიქსირებენ პოზიციას “რუსთავი 2”-ის საქმესთან დაკავშირებით, ტენდენცია კვლავ შენარჩუნებულია. ნათელია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში “რუსთავი 2”-ის საქმე კვლავ იქნება პოლიტიკური ბრძოლის ერთერთი მთავარი თემა, რასაც მოწმობს “ქართული ოცნების” დამფუძნებლის და არაფორმალური ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მიერ “რუსთავი 2”-თან დაკავშირებული განცხადებები.

მნიშვნელოვანია პოლიტიკურმა ჯგუფებმა გააცნობიერონ საკუთარი პასუხისმგებლობა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს წინასაარჩევნო პერიოდში და თავი შეიკავონ “რუსთავი 2”-ის ირგვლივ მიმდინარე დავაზე, ასევე არხის მფლობელებზე, მენეჯმენტსა და სარედაქციო პოლიტიკაზე საკუთარი მოსაზრებების გამოთქმისგან. გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება საქმის მომდევნო ინსტანციაში განხილვას და იმას, მოახერხებს თუ არა უზენაესი სასამართლო აღადგინოს პროცესის მიმართ ნდობა საზოგადოებაში, სამარლებრივ ჩარჩოში დატოვოს მხარეებს შორის დავა და “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება არ გახდეს დავის სამართლებრივი სივრციდან გასვლის მიზეზი.

 

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI Georgia)

სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CIDA)

სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

მედიის განვითარების ფონდი (MDF)

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)

<< უკან
14.06.2016


Print
All rights reserved & Design is copyrighted